„მივესალმები თქვენს სურვილს, თქვენი კარიერა დაუკავშიროთ ადამიანების უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს.
ფორუმში 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 200-მდე სტუდენტი მონაწილეობს, რომლებსაც უწყებაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმების საშუალება მიეცემათ.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა. ეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. ამას ემსახურება ეს პროცესი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, გისურვოთ წარმატებები, მინდა შსს-ს ვუსურვო ბევრი წარმატება, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.
პრემიერმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და მიესალმა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, გაიზარდოს აკადემიის დაფარვის და ფუნქციონირების მასშტაბი და ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავრობას, განათლების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
„განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი. სწორედ შსს-სა და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის ძალიან თამამი და ჩვენი მხრიდან ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა, ასევე მიიღო ინფორმაცია შსს-ს აკადემიაში სწავლების პროცესის - მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტების ამოცნობის შესახებ. პრემიერმა მოისმინა პრეზენტაცია დისტანციური სწავლების შესახებ და, ახალი პროგრამის მეშვეობით, რეგიონებში მყოფ კურსანტებს გაესაუბრა. იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირი და აკადემიის საცურაო აუზი, გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მღებრიშვილმა ერთად დაათვალიერეს. პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე, შეიარაღებული პირის დაკავების იმიტირებული პროცესიც გაიმართა.