logo_geo
eng_logo
ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების საქმეზე ორმა ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიარა
- +

10 ივლისი. 2020. 19:20

 

 

ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმის ფარგლებში ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების ფაქტზე ბრალდებულებმა დავით ქოქიაშვილმა და ილია გამგებელმა წარდგენილი ბრალი აღიარეს.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა, დავით ქოქიაშვილმა გაიხსენა, რომ იგეგმებოდა საქმეში დაზარალებული სტატუსით მყოფი პირის, ჯემალ შამათავას დაკავება.

 

„ჯემალ შამათავას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ისე ვიცი. როდესაც დაკავება მოხდა, მაგ პერიოდში აჭარაში ვიმყოფებოდი მივლინებაში საკურორტო სეზონთან დაკავშირებით. უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მანამდე ჩამოვიდნენ აჭარაში თეა წერეთელი და ბადურ ფოლადაშვილი. ისინი წამოვიყვანე და შევახვედრე გია დგებუაძეს 2006 წლის აგვისტოში. ბადურ ფოლადაშვილი ესაუბრებოდა დგებუაძეს, წერეთელი მანქანაში იჯდა და ბადური ესაუბრებოდა ღონისძიების ჩატარებაზე. ამ ღონისძიების შედეგი უნდა ყოფილიყო შამათავას დაკავება და ეს უნდა შეესრულებინა თეა წერეთელს და ბადურ ფოლადაშვილს. დანაშაულის ინსცენირება უნდა მომხდარიყო. რამოდენიმე ვარიანტი იყო, კონკრეტულად არ შემიძლია ასე მოყოლა. მერე როგორც მახსოვს, ფოლადაშვილს უნდა ჩაეტარებინა ინსტრუქტაჟი წერეთლისთვის. მე შემდეგ თბილისში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ დააკავეს შამათავა. მე მის დაკავებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე ამ პერიოდში წამოვედი სხვა სამსახურში და როგორ იმართებოდა ეგ სასამართლო პროცესები, აღარ ვიცი. ლევან ქარდავას პირადად ჩემთვის არანაირი დავალება არ მოუცია, როგორც მახსოვს, გამგებელი ჩამოვიდა მისი დავალებით. რაც შეეხება შამათავას დაკავებას, მიზანი ალბათ იყო პატარკაციშვილის პოლიტიკური განეიტრალება. პატარკაციშვილის გარემოცვის შესწავლა, დაცვის წევრების შესწავლა, იყო ასეთი დავალებები. დავალების მომცემი შეიძლება დგებუაძე ან მერებაშვილი იყო, არ მახსოვს ზუსტად. შეიძლება ეს გარემოცვა ყოფილიყო ან პერსონალი ყოფილიყო. რისთვის სჭირდებოდათ მაგათი გადმობირება ან შესწავლა მაგას ვერ მოგახსენებთ. ვაღიარებ წარდგენილ ბრალდებას“, – განაცხადა ბრალდებულმა დავით ქოქიაშვილმა.

 

საქმეში კიდევ ერთმა ბრალდებულმა ილია გამგებელმა სასამართლოს განუცხადა, რომ სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

„ვაღიარებ სრულად ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს. მე დამირეკა ლევან ქარდავამ და მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი ქობულეთში, ტარდებოდა ღონისძიება ჯემალ შამათავას დაკავებაზე და დანარჩენს მეტყოდნენ ადგილზე. როდესაც ქობულეთში ჩავედი და დავალების მიცემა ხდებოდა, დამხვდა დავით ქოჩიაშვილი, გიორგი დგებუაძე და თეა წერეთელი მანქანაში. მე ამიხსნა დგებუაძემ, რომ შამათავა იყო ინფორმაციის გამტანი და გამყიდველი და უნდა დასჯილიყო. მე როგორც ამიხსნეს, შამათავას დავალება ქონია მიცემული და ეს დავალება ტელეფონით გაუგზავნია კომენდანტისთვის. მე ზოგადად ვიცოდი, როგორ უნდა მომხდარიყო, მე დგებუაძემ მომიყვა, რაც უნდა ამეხსნა თეა წერეთელისთვის და რაც უნდა გაეკეთებინა მას. ის უნდა ჩასულიყო ურეკში და ვითომ შემთხვევით გაიცნობდა ფოლადაშვილ ბადურს და ჩაიდენდა ვითომ ქურდობას. დგებუაძე დარწმუნებული იყო, რომ ჯემალ შამათავა ქრთამს აიღებდა და მეორე ვერსია იყო, რომ შამათავას უნდა გაეცნო თეა წერეთელი ან ფოლადაშვილს დანაშაულის ინსცენირება უნდა მოეხდინა დანაშაულის“, – განაცხადა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, საქმეში ბრალდებულმა ილია გამგებელმა.

 

საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გია დგებუაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქმეზე არ ყოფილა ინფორმირებული

 

„ჯემალ შამათავას დაკავებასთან დაკავშირებით, მე ერთადერთ ინფორმაციას ვფლობ, რაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ვიღაცამ დააკავა და არასწორად დააკავა. სხვა ინფორმაციას მასთან დაკავშირებით არ ვფლობ. რაც შეეხება კითხვას, 2006 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში აჭარაში ყოფნას, შესაძლოა, ვყოფილიყავი თუმცა ვერ მოგახსენებთ სამსახურებრივად თუ დასასვენებლად. ჩემთან იყო ამ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელი მოსული და მინდა ვთქვა, რომ ამ საქმეს რასაც იხილავთ ეს არის პროკურატურის და სასამართლოს შეურაცხყოფა, რადგან ჩვენ როგორც ოპერატიულ სამსახურს, არ შეგვეძლო ამ ადამიანის დაპატიმრება, ეს არის საგამოძიებო უწყების უფლებამოსილება ვინმეს დაკავება“, – განაცხადა გია დგებუაძემ (მასტერა).

 

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

 

საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner