სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.
მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც თავადაც ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ინიციატორთაგანია, განაცხადა, რომ ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია და ამ კონცეფციის შექმნაც თვით ახალგაზრდებისათვის არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციასაც სწორედ მთავარ ხაზად გასდევს - ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომიტეტში თავდაპირველად ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მოხდა შეთანხმება ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შექმნის შესახებ.
საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა ირინე ფრუიძემ გამოიტანა და მოკლედ ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც ჯგუფის მიერ გამოიკვეთა ახალგაზრდობის პრობლემების მოკვლევებისა და შეფასებების შედეგად. მისი თქმით, ჩაატარეს არსებული ახალგაზრდული პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შეფასება, რამაც გამოავლინა გარკვეული ნაკლოვანებები პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში.
ირინე ფრუიძის განცხადებით, ძირითადი ნაკლოვანება იყო კოორდინაციის სისუსტე სახელმწიფო უწყებებს შორის, დაბალი ცნობიერება სახელმწიფო ინსტიტუტებში ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ფინანსების ნაკლებობა, ასევე რესურსების და კომპეტენციის ნაკლებობა, თავიდანვე სუსტად განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები და მონიტორინგის სისტემა.
„ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვები და კვლევა იმისათვის, რომ გვენახა, თუ რა ძირითადი გამოწვევები აქვთ ახალგაზრდებს, რა საჭიროებები გააჩნიათ და როგორია მათი ხედვა მომავალთან დაკავშირებით. კონცეფცია არის ათწლიანი - ეს არის სამომავლო ხედვა და სწორედ რომ ახალგაზრდებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი, როგორ ხედავენ ამ გასავლელ პერიოდს, რა ძირითადი საჭიროებებია და როგორ უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ამ საჭიროებებს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.
მისი თქმით, ასევე შეისწავლეს ევროკავშირის გამოცდილებაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და ამის შედეგად შეიმუშავეს წარმოდგენილი დოკუმენტი.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნებზე და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები და განვითარების შესაძლებლობები.
შესაბამისად, გამოიკვეთა შემდეგი სტრატეგიული პრიორიტეტები:
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა;
ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;
ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. დასახული მიზნების წარმატებით მიღწევა მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პასუხისმგებელია კონცეფციის შესრულების ყოველწლიურ მონიტორინგზე. ამ მიზნით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, კომიტეტი მოისმენს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ანგარიშს კონცეფციით დასახული მიზნების მიღწევის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდგომ კომიტეტი მოამზადებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას.
წინამდებარე კონცეფციით დასახული მიზნები უნდა შესრულდეს 2030 წლამდე.
მან აქვე მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოებს, რომელთა ფინანსური და ტექნიკური დახმარებით შემუშავდა წარმოდგენილი კონცეფცია.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ახალგაზრდული კონცეფციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ერთხმად აღნიშნეს მისი საჭიროების შესახებ.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა პარლამენტის დადგენილების პროექტს „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ერთხმად დაუჭირეს მხარი.