„აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აია-სოფიას კარი ღია იქნება თურქებისთვის, უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის.
ერდოღანმა ყველას მოუწოდა, პატივი სცენ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აია-სოფიას სტატუსთან დაკავშირებით.
„ყველას ვურჩევ, პატივი სცეს ჩემი ქვეყნის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აია სოფიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება აია-სოფიას ახალ სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, გარდა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატულ ნებისმიერ მოსაზრებას მივესალმებით, მაგრამ არა ისეთებს, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს არღვევს“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის სასამართლომ გუშინ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.