logo_geo
eng_logo
სასამართლო მამის და პაპის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
- +

11 ივლისი. 2020. 13:46

 

 

მცხეთის რაიონული სასამართლო მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოკინაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, განათლების შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ არანაირ კითხვაზე არ სურს პასუხის გაცემა, მათ შორის, აღნიშნულ კითხვაზეც, რადგან დუმილის უფლებით სარგებლობს.

 

ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

 

როგორც ადვოკატმა ლელა ჭანკვეტაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

 

წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner