ირანში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ მიიღო.
ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 12 625-ს აღწევს. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 255 117-ია.
„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ყველაფრის დაკეტვა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხი ქუჩებში შიმშილისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად გამოვიდოდა.