ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროვინცია ძიანგსში ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც წელიწადში სულ მცირე 200 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდება.
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში საპარტნიორო ფონდისა და ძიანგსის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს დაესწრო.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, ძიანგსის პროვინციაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ეს არის ინდუსტრიულად განვითარებული პროვინცია.
„აღნიშნულ პროვინციაში ცოტა ხნის წინ 10 მილიონი დოლარი ჩადო ჩინურმა კომპანიამ იმისთვის, რომ ქართული კულტურის სახლი აეშენებინა და გაეკეთებინა, სადაც დღეს გაცხადებული გეგმის მიხედვით წელიწადში სულ მცირე 200 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთში იმყოფება სამუშაო ჯგუფი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გვქონდა, მე-3 რაუნდი ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება. ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება, რომ ჩინეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ და მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა და საპარტნიორო ფონდსა და მის ხელმძღვანელს, ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორს მადლობა გადაუხადა.
ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი კავშირები, საბოლოო ჯამში მეტ ინვესტიციებს მოუტანს ქვეყანას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნის.
„მოცემული ვითარებიდან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. სავაჭრო მოლაპარაკებები არ არის მარტივი, მაგრამ ორივე მხრიდან პირობა მიცემულია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.