logo_geo
eng_logo
ბებია გარდაცვლილ ბავშვს ძუძუს აწოვებდა, ზედამხედველების თვალის ასახვევად – როგორ ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში
- +

12 ივლისი. 2020. 01:04

 

 

თამარ მეტრეველი კონფლქტის ზონაში – ზემო ნიქოზში ცხოვრობს და მისი სახლი ე.წ. საზღვრის პირზეა.

 

 ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს მოჰყვა და ასევე პრობლემების შესახებაც მოგვიყვა.

 

 – 1991 წელს გავთხოვდი და წავედი ნიქოზში საცხოვრებლად. გორელი ვარ, დედა მყავს ფხვენისიდან, რომელიც ძალიან ახლოსაა ნიქოზთან, მაგრამ იქ ტყვიები არ ცვიოდა და ომი ასე ახლოდან არ მქონდა ნანახი. ნიქოზში პირველი ღამე რომ უნდა გამეთია, ძალიან შემეშინდა, რადგან ტყვიები ყურთან წუოდნენ და ზუზუნებდნენ, ხეივნის რკინის მილებს ეჯახებოდნენ და სკდებოდნენ.

 

 

იქაური ბიჭები კბილებამდე იყვნენ შეიარაღებული და სოფელს იცავდნენ. ჩემი მეუღლეც, მათ შორის. ძალიან შემეშინდა. ნათსავები მეუბნებოდნენ, – სად თხოვდები, ომია იქო, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, გავიპარეთ და ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, მასთან ერთად სად ვიცხოვრებდი.

ახლა გვყავს სამი შვილი – 29, 27 და 12 წლის და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, არასოდეს გვიფიქრია აქაურობის მიტოვება. ყველამ რომ მივატოვოთ, დაიცლება სოფელი.

 

 

 

ზედ ე.წ. საზღვართან ვცხოვრობთ. აქედან ჩანს ოსებით დასახლებული სოფელი და იმათ ეზოში ბავშვები რომ თამაშობენ, ხმებიც კი გვესმის.

 

 როცა მეკითხებიან, ომი როდის დაიწყოო, ელოდებიან, რომ ვეტყვი, 2008 წელს-მეთქი, მაგრამ აქ ომი დაიწყო 1989 წელს და დღემდე არ დასრულებულა, რადგან ჩემი სახლის წინ ისევ იარაღმომარჯვებული ბიჭები დადიან და საზღვარს დარაჯობენ.

 

 ჩემი მეუღლე ამდენი წლის განმავლობაში სულ სამხედრო იყო. ხერხემალიც ომში დაიზიანა. 2008 წლის ომის შემდეგ ორი მედალი მისცეს და სამსახურიდან გამოუშვეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სამხედრო პენსია უწევდა და რადგან ამის მიცემა არ უნდოდათ, ცოტა ხნით ადრე გამოუშვეს.

 

 მარტო ჩემს მეუღლეს არა, ბევრს გაუკეთეს ასე წინა ხელისუფლების დროს, – მიიყვანეს პენსიამდე და რამდენიმე თვით ადრე გამოუშვეს.

ყველაზე მტკივნეული იცით, რა არის? ჩვენი შვილები ვერ ხედავენ, რომ სამშობლოსთვის თავდადება ფასდება ამ ქვეყანაში.

 

 ახლა ამბობენ, რომ დახმარებას მხოლოდ მარტოხელები ან ინვალიდები მიიღებენო, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზღვრისპირა სოფლებში დახმარება ყველას უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არის ფქვილის, შაქრის, ელემენტარული, ყოველდღიურად საჭირო პროდუქტის ფულია, რომ შეძლო არსებობა.

 

48 წლისაა ჩემი მეუღლე, მოხუცი არ გეგონოთ, არც სოციალურ დახმარებას ვიღებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდები ვართ. არც ინვალიდობას აძლევენ. ექიმმა უთხრა, ხელი ან ფეხი მაინც უნდა გქონდეს გაჩერებული, რომ 100 ლარი მიიღოთო. გვაქვს ნაკვეთი, რომელსაც ვერ ვამუშავებთ, რადგან არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ტრაქტორს მოვახვნევინოთ, დავფარცხოთ, შემდეგ სიმინდი ან ლობიო ვიყიდოთ და დავთესოთ. რისი გათოხნის თავიც მაქვს, მხოლოდ იმას ვამუშავებ. ჩემი მეუღლე ვერ მეხმარება, რადგან ჯოხის დახმარებით დადის და ფიზიკური შრომა არ შეუძლია.

ომამდე ჩავაბარე თბილისში, გოგებაშვილის სახელობის კოლეჯში. ომი რომ დაიწყო, ტრანსპორტიც კი არ დადიოდა აქედან და იძულებული გავხდი, რომ სწავლისთვის თავი დამენებებინა.

 

ახლა დავიწყე სწავლა ბი დი სი აკადემიაში, მაგრამ 2000 ლარია გადასახდელი, დიპლომი რომ ავიღო და ექთნად ვიმუშაო. ვმუშაობ ამბულატორიაში, 14 წელია, სანიტრად. ექთნად რომ გადავიდე, ხელფასიც მომემატება ცოტა.

 

„მაღალმთიანის“ სტატუსსაც ვერ ვიღებ, რადგან მედიცინის მუშაკი არ ვარ. როცა ექთანი ვიქნები, 150 ლარიც დამემატება, მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელთათვის რაცაა განკუთვნილი და იქნებ ცოტა ამოვისუნთქოთ.

 

 მწერალთა კავშირის წევრი ვარ, ცოტ-ცოტა წარმატებებიც მაქვს, ვწერ, ორი წიგნი გამოვეცი კიდეც და მათი გაყიდვით ცოტაოდენი შემოსავალიც მქონდა.

 

2008 წლის ომის დროს ჩემი მეუღლე იბრძოდა, მე კი შვილებთან ერთად გავიქეცი თბილისში, რომ პატარები უსაფრთხოდ მყოლოდა. 1 კვირა მოვუნდი მაშინ თბილისში ჩასვლას, რადგან შემოვლითი გზებით წავედით. გვეშინოდა, – ამბობდნენ, ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ, ხელში თუ ჩაიგდესო. 2 წელი ვიცხოვრეთ თბილისში. რომ დავბრუნდით, სახლი დაგვხვდა გაძარცვული, მინები ჩამტვრეული, ლოგინიც კი არ დაგვხვდა, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან ზოგს სულ გადაუწვეს და ჩვენი სახლი მაგას მაინც გადაურჩა. ნელნელა ისევ აღვადგინეთ ყველაფერი.

 

ჩემი მეუღლის მუზარადში ომის შემდეგ ჩავრგე ყვავილი – ქრისტეს ცრემლები. ამბულატორია, სადაც ვმუშაობ, ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა და ეს ყვავილი იმ ფანჯარაზე დავდე, რომელიც ცხინვალს გადაჰყურებს.

იქითა მხრიდან ამ მუზარადს რომ ხედავენ, ტირიან ქალები. არც იმათ უნდათ ომი და არც ჩვენ, ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია.

 

გვყავს მარჩენალი ძროხა, რომელიც 22 წლისაა და მე მგონი ყველაზე ხანდაზმულია მსოფლიოში, რადგან ძროხები ამდენ ხანს ვერ ცოცხლობენ. ჩვენს ძროხას „ბიოგრაფიაც“ მდიდარი აქვს. ომის დროს, რომ გავრბოდი, თანამშრომელს ვუთხარი, შენ სოფლიდან არ მიდიხარ, არც ძროხა გყავს და ჩემი დაიტოვე-მეთქი.

 

 

 

დაბომბვა რომ დაიწყო, ეს ქალიც გაქცეულა და ჩემი ძროხა კაკლის ხეზე მიუბამს. თბილისში შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს და რომ დავინახე, ეგრევე ჩემი ძროხისკენ გამექცა ფიქრი – იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა, შეიარაღებული ოსები დადიოდნენ სოფელში და ღამით გამოვიპარეთო. – ნეტავ თავისუფლად გაგეშვა-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ რაღას ვუშველიდი?

 

მამაკაცები, ვინც სამხედრო არ იყო, სოფელში იმალებოდნენ და ერთ-ერთი მეზობელი მიეპატრონა თურმე. – ისეთი განსხვავებული ხმით ბღაოდა, შემეცოდაო. ჩემი ძროხა და სხვისი უპატრონო საქონელიც შეურეკავს თავის ბაღში, რომ გადაერჩინა და უკან რომ დავბრუნდით, მივაკითხეთ ჩვენს ძროხებს. მე ცოტა გამიგრძელდა თბილისში ყოფნა და 2 წლის მერე დავბრუნდი. მივაკითხე მარჩენალს. უვნებლად დამხვდა და წამოვიყვანე.

 

 ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი – აგნესი, რომელმაც ომის დროს რუსი ტანკისტი საწნახელში დამალა, გამოაკეთა და რუსებს გადასცა. ეს რომ ვინმეს გაეგო მაშინ, რა ამბავი ატყდებოდა, წარმოიდგინეთ. შვილი თავადაც ომში ჰყავდა და ის მტრის ჯარისკაცს იფარებდა. იმ ბიჭის დედა ტაძრის მგალობელი ყოფილა და იმ ქალმა მადლობის ნიშნად საჩუქრებიც კი გამოუგზავნა. ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩვენთან.

 

 მე რეპრესირებული ბებია მყავდა და საოცარი ამბავი გადახდა მას. 1945 წელს გადაასახლეს ჯერ ყაზახეთში, შემდეგ – ციმბირში გაუშვეს.

 

მას თან 3 წლის შვილი ახლდა და თითქმის მთელი თვე მატარებლით მიჰყავდათ. გზაში ბავშვი ავად გამხდარა და გარდაიცვალა. თურმე გაქანებული ვაგონიდან ყრიდნენ მიცვალებულებს და იმის გამო, რომ შვილის სხეული არ წაერთმიათ და გადაეგდოთ, ბებია გარდაცვლილ ბავშვს ძუძუს აწოვებდა, ზედამხედველების თვალის ასახვევად.

 

ასე ჩაუყვანია ადგილამდე და იქ დაუმარხავს. ბავშვს ტანისამოსის ჯიბეში შინიდან წაღებული 3 კაკალი ჰქონია და ის კაკლები საფლავზე დაუთესავს.

 

 

 

გადასახლებაში სხვა ქართველ კაცს გაჰყვა ცოლად. ცოლ-ქმარს სტალინისთვის წერილი მიუწერიათ, მიზეზი მაინც გვითხარით, რატომ გადაგვასახლეთო. პასუხი მოსვლიათ, რომ ბებია გადაუსახლებიათ დაუმორჩილებლობისთვის, რადგან კოლმეურნეობაში არ დადიოდა სამუშაოდ, ხოლო მისი ქმარი იმისთვის, რომ თავმჯდომარის ბაღში ცხენი დაუბამს.

 

 წერილში ასევე ეწერა, რომ თუ იღლიის ქვეშ დამღა არ ჰქონდათ, გადასახლებას არ ექვემდებარებოდნენ. ასე რომ, 8 წელი იცხოვრა გადასახლებაში, მძიმე პირობებში და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. გზაში გაიგო, რომ დედაჩემზე იყო ფეხმძიმედ.

 

 ამბობდა ხოლმე ბებია, – შვილის საფლავს იმ სამი კაკლით ვიცნობო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ გადმოასვენა და ვერც საფლავის სანახავად წავიდა.

 

 ამ ამბავზე მოთხრობა მაქვს დაწერილი და ძალიან მინდა, რომ გამოვცე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner