გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.
„თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და ამას მე ვერ გავაჟღერებ იმიტომ, რომ შესაძლებელია, რომ ის ვერსიები უფრო რეალური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მისივე განმარტებით, მოტივზე საუბარი არაპირდაპირ შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.