,,ბატონი კეზერაშვილი არის სახე და მაგალითი იმ ელიტარული კორუფციისა, რომელიც დამახასიათებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის,“ - ამის შესახებ ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ბატონი კეზერაშვილი არის სახე და მაგალითი იმ ელიტარული კორუფციისა, რომელიც დამახასიათებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ის ფაქტი, რომ ისრაელის პროკურატურა და ხელისუფლება ამ საქმეს იძიებს, მიუთითებს ამ დანაშაულის მეტად სერიოზულობაზე. მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი საქმე გამოიძია, რომლებიც დაკავშირებული იყო სააკაშვილის და კეზერაშვილის საქმიანობასთან. ჩვენ არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ და პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს ვისაუბრეთ სწორედ ამ 260 მილიონ დებიტორულ დავალიანებაზე.
მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო თუ რაში მდგომარეობს ეს საკითხი: წლების განმავლობაში, როდესაც ბატონი კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ათეულობით მილიონი ლარი მიემართებოდა უშუალოდ კომპანიებში, ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე. შედეგად, ჩვენს უწყებას, ქართულ ჯარს არც შეიარაღება მიუღია და დღემდე, არც ასეულობით მილიონი ლარი დაბრუნებია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ბრუნდება ეს თანხები. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან, საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით არა მხოლოდ ისრაელის პროკურატურა, არამედ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნებიც უნდა დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პროკურატურა იძიებს ამ საკითხს და ალბათ სასურველი იქნებოდა, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.
მოგეხსენებათ, რომ 2006-2009 წლებში, მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი იყო, მიმდინარეობდა გამალებული შეიარაღება და შეიარაღების შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენს ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია. მილიარდობით ლარი იყო მიმართული შეიარაღების სისტემების შესასყიდად და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, ჩვენმა ქვეყანამ, კონკრეტულად ჩვენმა ჯარმა მიიღო არნახული ზიანი და ზარალი. ასეულობით მილიონი დოლარის ტექნიკა, შეიარაღება უბრალოდ აორთქლდა, დაიკარგა. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები - იყო თუ არა ეს ნამდვილად შეიარაღება და ნამდვილად ჩვენს ჯარში? ვინაიდან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბევრი შესყიდვა განხორციელდა ფიქტიურად. ანუ ფიქტიურად ხდებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარის, დოლარის გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში, თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე. რეალურად, ჩვენი ქვეყანა არც შეიარაღებას ღებულობდა და რა თქმა უნდა, ამ ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს კარგავდა. ეს არის უდიდესი დანაშაული, ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი პროკურატურის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.