ჟურნალისტი ვახო სანაია გიორგი შაქარაშვილის საქმეში საინტერესო დეტალების შესახებ წერს:
„თენგიზ ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე - პირველი მანქანის ანუ მერსედესის მგზავრები.
მერსედესის მგზავრები, ყველანი ამბობენ, რომ ჩხუბის მერე წავიდნენ ისევ იმ აგარაკზე, სადაც იყო დაბადების დღე და იქ დატოვეს ორი ადამიანი - თენგიზ ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე, სხვები კი, მათივე მტკიცებით, წამოვიდნენ თბილისში. რატომ მივიდნენ ისევ აგარაკზე - ბარბაქაძის თქმით, იქ დატოვებული ჰყავდა საკუთარი ავტომანქანა და მიაკითხა. აი რას ამბობს თენგიზ ბარბაქაძე:
,,რადგან მე ვიყავი ნასვამი, საჭესთან არ დავჯექი და დავიძინე ავტომანქანაში. რომ გათენდა, დილით მე და ირაკლი მუმლაძე წამოვედით ჩვენს საცხოვრებელ სახლში. სახლში რომ მივედი, მე მომწერა ფეისბუქზე ანა გაბეჩავამ და მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკაგული და ვერ პოულობენო"
ახლა რატომაა საინტერესო ეს ეპიზოდი.
საქმეში დევს ერთი საყურადღებო ჩვენება. ორი ადამიანი აპირებდა თბილისიდან ჭიათურაში წასვლას. საღამოს, დაახლოებით 11 საათზე იქირავეს მანქანა, რომელსაც გზად რაღაც პრობლემა შეექმნა, გორთან მოატრიალეს და დაბრუნდნენ ისევ უკან, დედაქალაქში. თბილისისკენ მომავალნი - როცა მიუახლოვდნენ მცხეთას, ჩვენთვის უკვე ნაცნობ არაგვის ხიდს, ისინი ორმა ადამიანმა გააჩერა და თბილისში წაყვანა სთხოვა. იყვნენ 18-20 წლის ახალგაზრდები. ეს ხდება სამრეცხაოსთან 01:31-ზე. ამ დროს ადგილზე არავინ უნდა იყოს - არც მერსედესისა და არც ტოიოტას მგზავრებიდან. წესით, იქ ყველაფერი დასრულებულია.
ამ ორმა ახალგაზრდამ, რომელიც მანქანაში ჩაისვეს, ითხოვა, რომ მიეყვანათ ,,ნახალოვკაში", კიკვიძის ბაღთან. ეს საყურადღებო ადგილია.
თენგიზ ბარბაქაძეც და ირაკლი მუმლაძეც ცხოვრობენ ბეჟანიშვილის ქუჩაზე, კიკვიძის ბაღთან.
ვინც დაიმგზავრა ახალგაზრდები, ჰყვება, რომ ერთ-ერთს ჰქონდა გრძელი თმა.
მერსედესის მგზავრებიდან გრძელი თმა აქვს თენგიზ ბარბაქაძეს. გადაჭრით არაფერს ვამბობ.
უბრალოდ დააკვირდით:
ორი ახალგაზრდა - ემთხვევა
ერთ-ერთი გრძელთმიანი - ემთხვევა
ღამის ორის ნახევარზე - კონფლიქტიდან მალევე, არაგვის ხიდთან - ემთხვევა
მიდიან კიკვიძის ბაღთან, სადაც ცხოვრობენ ბარბაქაძე და მუმლაძე - ემთხვევა
მერსედესმა როცა დატოვა აგარაკთან ეს ორი, ნამდვილად დილამდე დარჩნენ თუ რაღაც მომენტში ხიდთან მივიდნენ ?
კიდევ ერთხელ ვამბობ, მერსედესი არის ისევ და ისევ საინტერესო და აქტუალური მანქანა ! დანარჩენს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.“- წერს სანაია.