დასრულდა ეკის მაცხოვრის ჯვრის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და „ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის" დაფინანსებით XIII - XIV საუკუნეების კიდევ ერთი უნიკალური ხელოვნების ნიმუში აღდგა.
მაცხოვრის ჯვრის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკიდან თითქმის ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეკლესიის გეგმის კომპოზიცია თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიას წარმოადგენს. მისი ძირითადი მოცულობის სივრცე საკმაოდ დაბალი და სიგანეში გაშლილია. ცენტრალური ნაწილი აღმოსავლეთით საკურთხევლით სრულდება. შესაძლოა, თავის დროზე, იგი თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიისათვის დამახასიათებელი გუმბათით სრულდებოდა და შემდგომში მისი კამაროვანი გადახურვა ისტორიული აღდგენის შედეგიც იყოს. ამგვარად, ეკლესია თავისი მხატვრულ-სტილისტური და სივრცით-კომპოზიციური მიშნებით XIII-XIV საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. საკმაოდ რთული ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, მან შემოინახა ყველა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტი, რამაც მისი სრულად აღდგენის საშუალება მოგვცა.
ეკის მაცხოვრის ჯვრის ეკლესიის აღდგენით ამ ისტორიულ რეგიონს კიდევ ერთი გვიანი შუა საუკუნეების ადრეული პერიოდის საინტერესო არქიტექტურული ნიმუში შეემატა.