ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტთან (ირლანდიის ლიბერალ-კონსერვატორების პარტიიდან Fine Gael), მეირიდ მაკგინესთან.
მხარეებმა, შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური გამოწვევები მიმოიხილეს. დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ახალ საარჩევნო კოდექსზე, რაც მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადგმულ ნაბიჯებზე.
მხარეებმა აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, კომიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის ბაზარზე ქართული ბიზნესის კიდევ უფრო მეტ და აქტიურ წარმომადგენლობის მნიშვნელობას.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
მეირიდ მაკგინესმა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა. თავის მხრივ, დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოეყო.
დავით სონღულაშვილმა ვიცე პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.