logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: პრეზიდენტის უკანასკნელი ავტოგრაფი... ეს წარწერა რჩება ისტორიაში...
- +

13 ივლისი. 2020. 21:51

 

 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია უნიკალურ და ისტორიულ მასალას ასაჯაროებს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი ავტოგრაფი.

 

პრეზიდენტის უკანასკნელი ავტოგრაფი...

1993 წ 24 სექტემბერს დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვიდა, ელვის სისწრაფით ასი ათასობით ადამიანი ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს მიაწყდა და ტაშით აზანზარებდა იქაურობას. იმ მრავალ ათასიან მხარდამჭერებს შორის იყო, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად პატარა ქერათმიანი გოგონა, რომელიც სხვების მსგავსად ნატრობდა უფრო ახლოს მისულიყო და დაენახა ზვიად გამსახურდია! ეს გოგონა გახლდათ ხათუნა დარასელია! მოვლენები ელვის სისწრაფით ტრაგიკულად ვითარდებოდა, როდესაც სამეგრელოს ოკუპაცია მოხდა და ათასნაირი ბანდფორმირება ზუგდიდს მოადგა ქალაქი დაიცალა, მაცხოვრებლები ცდილობდნენ ქალაქიდან გაეყვანათ ახალგაზრდობა და გაერიდებინათ მომხდურებს.... ხათუნა სოფელ ჯაღრაში გაამგზავრეს, მებონიების ოჯახში, როცა ზუგდიდს ტოვებდა, თან გაიყოლა ზვიად გამსახურდიას წიგნი 'საქართველოს სულიერი მისსია", რათა თუ მომხდურები სახლში შემოიჭრებოდნენ არ გაენადგურებინათ წიგნი და ამ წიგნის გამო სახლ-კარიც არ გადაეწვათ (ასეთი ფაქტები მრავლად იყო სამეგრელოში, როცა ზვიად გამსახურდიას სურათებისთვისაც გადაუბუგიათ მშვენიერი მეგრული ოდა-სახლები)...და რას წარმოიდგენდა, რომ 1993 წ 14 დეკემბერს, მებონიების ჭიშკარში შემოაბიჯებდა მცირე ჯგუფთან ერთად დევნილი და პარტიზანი პრეზიდენტი.

ხათუნას ხვდა ბედნიერება კვირაზე მეტ ხანს ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას გვერდით... მებონიების ოჯახში მეც ვარ ნამყოფი, ოჯახის დიასახლისი გონა მოლაშხია-მებონია გუშინდელი დღესავით იხსენებდა იმ დღეებს. მათ ეზოში შემაღლებული ფერდობიანი საჩრდილობელია, იქ ადიოდაო პრეზიდენტი და ჩაფიქრებული გადასცქეროდა ჭანისწყლის ხეობას, დაცვის ბიჭებთან ერთად შეშას უჭრიდა მებონიების ოჯახს, ზამთარში აუცილებლად დასჭირდებათო, თუ შუქი მოვიდოდა ხმადაბლა ჩართავდა ტელევიზორს და ძალიან გულმოკლული რჩებოდა იმ სადეზინფორმაციო და ღვარძლიან გადაცემებზე რომელიც იმ ხანად მოედინებოდა მედია საშუალებებიდან... ხათუნას ბევრი აქვს მოსაგონარი, ყოველდღე ესაუბრებოდა დევნილ პრეზიდენტს, რომელიც მეტ წილად სვანური ქუდით დადიოდა მებონიების სახლის ეზოში... ერთ საღამოს ხათუნა ჩაბნელებულ ოთახში შევიდა, შუქი არ იყო და მხოლოდ ლამფა ანათებდა, სანახევრად ჩაბნელებულ ოთახში პრეზიდენტის დაცვისთვის უნდოდა ეკითხა, სად იყო პრეზიდენტი, დაცვამ თვალით უხმოდ ანიშნა იქვე ჩაბნელებულ კუთხეში მჯდარ ზვიად გამსახურდიაზე, მეტ წილად ანთებულ ბუხართან იჯდა ფიქრში ჩაძირული და ვინ იცის რაზე აღარ ფიქრობდა ზვიად გამსახურდია... ხათუნას ძალიან ერიდებოდა ზუგდიდიდან წამოღებულ წიგნზე პრეზიდენტისთვის სამახსოვრო ავტოგრაფი ეთხოვა, მაგრამ თანმხლებმა პირებმა უთხრეს, თავად ეთხოვა, რადგან ზვიადსაც გაუხარდებოდა... პრეზიდენტმა ხათუნას წიგნზე "საქართველოს სულიერ მისსიაზე" სამახსოვრო წარწერა დაუტოვა: ძვირფას ხათუნას პატივისცემით ზვიად გამსახურდია....არ მიუწერა მხოლოდ თარიღი, რათა თუ მდევარი შევიდოდა მათთან არ გაეგოთ პრეზიდენტის იქ ყოფნის შესახებ... ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით თავად გამოსაცემად აქვს წიგნი ხათუნას...ზვიად გამსახურდიამ 22 დეკემბერს დატოვა ჯაღრა, გზად კი ჯიხაშკარი და ძველი ხიბულა ელოდა... პრეზიდენტის ეს წარწერა კი რჩება მის უკანასკნელ ავტოგრაფად მისსავე ისტორიაში...

 

ხათუნა დარასელია მოგვიანებით გავიცანი ზუგდიდში... ჯაღრაში კი მებონიების სახლში შესვლისას თვალში მომხვდა, წიგნების თაროზე შემოდებული, გაზეთ "წალენჯიხის ზარების" გარეკანზე დაბეჭილი ზვიად გამსახურდიას ფოტო, რაც მისსავე წიგნზე "საქართველოს სულიერ მისსიაზეა" გამოცემული..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner