2018 წლის საარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ვალების განულების პროგრამის განხორციელება 37,517,409 ლარი და 95 თეთრი დაუჯდა - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ირაკლი აბესაძის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიში 2019 და 2018 წლების განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ გაწეულ ხარჯებს და მიღებულ დაფინანსებას ეხება.
2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო-ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. პრემიერმა ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ის საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ხმების მოსყიდვის მცდელობად შეფასდა, რაც შემდგომში OSCE-ის დასკვნაშიც აისახა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოწერილია 4,104,429,484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო.
“ქართუ ფონდის” ანგარიშის თანახმად, პროგრამაზე დახარჯული თანხა სულ 37,517,409 ლარი და 95 თეთრი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ჩამოსაწერი პორტფელის შეძენის დროს, "ქართუმ" ყოველი 1 ლარის ჩამოსაწერი სავალო პორტფელი 0.9 თეთრად შეიძინა.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს ვალების განულება უმსხვილესი საქველმოქმედო ხარჯი იყო. მოცულობით მეორე უმსხვილესი პროექტი კი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და გადარჩენის პროგრამა იყო, რაზეც 9 მილიონი ლარი მიიმართა. ამავე წელს ფონდის ჯამური ხარჯები 119 მილიონი ლარი იყო.