ავტორი დინა მირცხულავა
არ წავედი იქ, სადაც ის ადამიანიც იქნებოდა, ვისი ნახვაც არ მინდა.
არ ვთქვი ის, რაც კამათს გამოიწვევდა.
არც ის დავიქადნე, რისი დამტკიცებაც მომიწევდა.
არ ვუთხარი იმ გოგონას, ახლა რომ სიყვარულს ეფიცება იმ ქალს, როგორი ბინძური ჭორი აქვს ნათქვამი მასზე...
წამოსცდება თვითონ ოდესღაც და უჩემოდაც გაიგებს-მეთქი...
ცოტა ხნის წინ ვიგანგაშებდი, ტყავიდან ამოვძვრებოდი და რაღაცნაირად გავაგებინებდი...
ცოტა ხნის წინ ასე მჯეროდა - რომ დახუჭული თვალები ბოროტებაა და ის მხოლოდ ძილის დროს შეიძლება დაასვენო...
ახლა ყველაფერის არიდება ვისწავლე.
გამოვტოვე დღეები.
გამოვტოვე ადამიანები.
გამოვტოვე ადგილები.
და მივხვდი... მივხვდი, რომ არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გავიზარდე...
ჩვენ სწორედ მაშინ ვიზრდებით, როცა ტკივილების აცილებას ვიწყებთ...