ავტორი თამაზ ჩიქვანაია
1925 წლის 22 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში დაიბადა ქართველი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტი.
1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორია. არის 4 წიგნისა და ოცამდე ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის: "ჭიაკოკონა" (1961), "ჯარისკაცის მამა" (1965), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1968), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1971), "ფესვები" (1988) და სხვ.
ამათგან მარტო „ჯარისკაცის მამა" რად ღირს, სერგო ზაქარიაძის კინოგმირი ქართველი კაცის უდიდესი სულიერების მატარებელია. დაუვიწყარია სცენა, სადაც რუსი ტანკისტი ვაზს გადათელავს. ფილმის მთავარი გმირისთვის, თავად ბატონი სულიკოსთვის და ალბათ ყველა ქართველისთვის ეს ქართული წესისა და ადათის, ტრადიციისა და ეროვნული სიმბოლოს შეურაცხყოფა იყო და აკი არც აპატია კახელმა გლეხმა „მისი" ვაზის წაბილწვა... დღემდე მიკვირს როგორ „გადაარჩინეს" ეს სცენა ბატონმა სულიკომ და ფილმის რეჟისორმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს სცენა თამამად გაუტოლდება მთელ დანარჩენ ფილმს.
სულიკო ჟღენტი გახლდათ კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა კინოგაერთიანების წევრი. მცირე ხანს მეც მომიწია ამ ორგანიზაციაში მუშაობა და კარგად მახსოვს ბატონი რეზო ესაძის კაბინეტში მასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, რომელიც ჩემთვის ერთგვარ გაკვეთილად იქცა და ბევრჯერ სასიკეთოდ გამომადგა.
სულიკო ჟღენტი 2000 წლის 3 თებერვალს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველ ხალხს კი საოცარი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის მცირე ჩამონათვალიც ამ წერილის დასაწყისში შემოგთავაზეთ. ამ პატარა გახსენებით ძნელია მისი ნაღვაწის სრული სურათის შექმნა, თუმცა, ეს არც მქონია მიზნად. უბრალოდ მინდოდა ქართველი ხალხისთვის შემეხსენებინა, რომ 91 წლის წინ, ამ დღეს, ერთი დიდებული პიროვნება დაიბადა და მას სულიკო ჟღენტი ერქვა...