„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
„ეს არის მთელი ერის ტრაგედია, რომ ასეთი დაუნდობელი ახალგაზრდა თაობა გვყავს. გასარკვევია, საიდან მოდის ეს დაუნდობლობა. რაც შეეხება ჩემი ოჯახის უბედურებას, მაშინ მედიამ, განსაკუთრებით კი „მაესტრომ“ და „იმედმა“ დიდი როლი ითამაშა, თუმცა თავიდან არც ეს ამბავი შუქდებოდა. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო იმის გამოც, რომ ბავშვი ჯერ არც გაციებულა, ტელევიზიის მხრიდან კი ოჯახზე საშინელი ზეწოლა მიდის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები, ისინი ამ ძალის ინტერესებს ემსახურებიან. ყოვლად დაუშვებელია ის, რასაც ტელევიზიები ამ ოჯახს უკეთებენ. იძულებული გახადეს, რომ ბავშვის ბიძა გამოსულიყო და თავი ემართლებინა არაფრის გამო. ამ უბედურების პოლიტიზება სურთ. მათ უნდათ, რომ შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლონ. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, ხალხს დააჯეროს, რომ თავიანთი სასტიკი დანაშაულების მსგავსი ფაქტები დღესაც ხდება. მყისიერად დააკავეს 17 კაცი, მიმდინარეობს გამოძიება და ყოველდღე ახალი ფაქტები იკვეთება. ჩემი გადმოსახედიდან, გამოძიება ძალიან სამართლიანად მიდის და ამას ეთანხმება გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა და ყველაფერს მოეფინება ნათელი. ძალიან მტკივნეულია, რომ გიორგის მეგობრები არ ამბობენ სიმართლეს და არა ერთხელ შეცვალეს ჩვენებები. ბუტას მეგობრები იმ რეჟიმის პერიოდშიც კი ვერ გატეხეს, ციხეში ჩაყარეს და სასტიკად ექცეოდნენ, მაგრამ იმდენად ვაჟკაცები იყვნენ, რომ ტყუილის თქმა არ იკადრეს. სჯობს, რომ 10 დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთ უდანაშაულოს დაბრალდეს ყველაფერი, ამიტომ სამართლიანად უნდა ჩატარდეს გამოძიება და ამ საქმის პოლიტიზება არ გამოვა. ეს ძალა რევანშით არის შეპყრობილი, ერთი სული აქვთ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მეტრეველმა.