მოსკოვის „ცსკა“-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.
შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.
თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.
როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან მიიღო.
ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.
უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა“, – განაცხადა ვატუტინმა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.