23 ივნისს, 11:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში". ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
23-25 ივნისს პროექტის „ავანგარდი 1900-1937" ფარგლებში ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს მხარდაჭერით, უმასპინძლებს სამეცნიერო კონფერენციას „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში". კონფერენციის სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები განიხილავენ ავანგარდული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სპეციფიკურ თავისებურებებს, მხატვრულ მოვლენათა კვლევის შედეგებს. კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და აკადემიურ სესიებსა და დიალოგ-დისკუსიას მოიცავს. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები სტუდენტებთან, ახალგაზრდა მხატვრებთან, ლიტერატორებთან და რეგიონალურ ინსტიტუციებთან.
ავანგარდი, როგორც ახალი ნაკადი კულტურის ევოლუციის გზაზე, ხელოვნების განვითარებაში ნოვაციების, მხატვრული სისტემებისა და თეორიების ჩასახვის ხანაა. იგი ტრადიციული ხელოვნების უარყოფასა და შემოქმედის უკიდურესად სუბიექტურ მხატვრულ აზროვნებაზეა ფოკუსირებული. ეპოქათა განმავლობაში ჩამოყალიბებული ესთეტიკური სქემები სრულიად ახალი ვიზუალურ-ვერბალური სისტემებით იცვლება. ავანგარდის იდეისა და კონცეფციის, თეორიისა და ალოგიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი პოლონური წარმოშობის ქართველი პოეტი და ლიტერატორი ილია ზდანევიჩი (ილიაზდი 1894-1975) იყო. კონფერენცია სწორედ ამ ეპოქალური ადამიანის ხსოვნას ეძღვნება.
კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია!