საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის" კონკურსის - „სტუდენტური თვითმმართველობისთვის" დაჯილდოვებაზე სტუდენტებს მიმართა:
„ჩემი დამოკიდებულება ადგილობრივ თვითმმართველობაზე შემიძლია მარტივად გაჩვენოთ. ეს არის ერთადერთი რეფორმა იმ მრავალ რეფორმას შორის, რომელსაც მე დაჟინებით დავუჭირე მხარი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ინიციატივა იყო, თუმცა თენგიზ შერგელაშვილი უწევდა ორგანიზებას ამ ყველაფერს. თბილისიდან ტყიბულს ვერ მართავ ისე ეფექტურად, როგორც ადგილობრივები მართავენ. არა მარტო ადგილობრივი მართვა, არამედ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ჩამოყალიბება და გაზრდა ხდება. ადგილებიდან ცენტრშიც ხშირად მოდიან პოლიტიკოსები და ეს ხელს უწყობს ქვეყნის მართვის გაჯანსაღებას.
ისევ ილიას სიტყვებს გავიხსენებ, რაც მე ძალიან მიყვარს და ხშირად ვიხსენებ ჩემს გამოსვლებში, რომ საკმარისი არ არის კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. მეცნიერებაში სტუდენტობაც იგულისხმება. იმას რასაც აკეთებ, პროფესიას ეუფლები, თუ უკვე პროფესიონალი ხარ და კარგად ასრულებ შენს მოვალეობას, ილია ამბობდა არ არის საკმარისიო. ამავდროულად, საერთო საქმეზეც უნდა იფიქრო, სახელმწიფოზეც უნდა იზრუნო - ეს ელემენტარული პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება თითოეულ მოქალაქეს გააჩნდეს, პირნათლად უნდა შეასრულო. თუ გინდა, რომ წარმატებული ქვეყანა იყოს, ის წარმატებულმა, სწორად შერჩეულმა ხალხმა უნდა მართოს. ეს ჰქონდა სწორედ ილიას მხედველობაში, რომ თითოეულმა უნდა იაქტიუროს. 3 თვის შემდეგ ჩვენ სერიოზული, პრინციპული არჩევნები გველოდება წინ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ძალიან იაქტიუროთ, სწორი ანალიზი გააკეთოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.