საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.