logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ბრალდებები, რომელიც იაკობის მიმართ ისმის, არის აბსოლუტურად უსამართლო
- +

18 ივლისი. 2020. 15:10

 

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის მისამართით უკვე რამდენიმე კვირაა მიზანმიმართული ბულინგი და მუქარა ხორციელდება.. გარკვეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის მიმართ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას.

 

დღეს იაკობი დაკითხვაზე იმყოფებოდა, საიდან გამოსულმაც ჟურნალისტებს გარკვევით აუხსნა, რომ გამოძიებას არაფერს უმალავდა.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ბრეგვაძის ინტერესებს დღეიდან ადვოკატი ირმა ჭკადუა დაიცავს.

 

ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ მასთან და შევეცადეთ, დეტალები გაგვერკვია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ირგვლივ ატეხილ ისტერიაზე.

 

– იაკობის დაცვა ოფიციალურად დღეს აიღეთ საკუთარ თავზე?!

 

- ჩვენ სამი დღეა კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა, ოფიციალურად მისი უფლებადამცველი დღეიდან ვარ.

 

– გაეცანით თუ არა საქმის მასალებს და რაიმე უზუსტობები ხომ არ არის, რაც ამ ეტაპისთვის თქვენ აღმოაჩინეთ?

 

– ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გავცნობივარ, საჯაროა იაკობის ჩვენებები, თუმცა, არც მას და არც მე ჯერჯერობით მასალები არ გვაქვს ხელთ, ამიტომ უზუსტობებზე ვერ ვისაუბრებ.

 

– როგორია იაკობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპისთვის, როგორც ცნობილია, იგი ბულინგის მსხვერპლია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

 

– ის არის მაღალი საზოგადოებრივი შეგნების ბავშვი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაერეკა პატრულში -112-ში. დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არის ბულინგის მსხვერპლი და არა მარტო ბულინგის.

 

მას მოკვლით ემუქრებიან, მოსდის სმს შეტყობინებები, სმს შეტყობინებები მოსდის დედამისს, – რატომ არ იკლავს თავს, რომ ასეთი შვილი გაზარდა და მე მინდა ვკითხო საზოგადოებას და ასეთი მესიჯების ავტორებს: როგორი შვილია,- ვინმემ იცის?! რამე დააშავა ამ ბავშვმა, გარდა იმისა, რომ აღმოჩნდა იმ ადგილას იმ დროს, როდესაც ალბათ არ უნდა ყოფილიყო.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გარდაცვლილია მისი თანატოლი და ამბობს, რომ შესაძლოა თვითონ ყოფილიყო მის ადგილას. აქედან გამომდინარე, მისთვის ძალიან მძიმეა ბრალდებები, რომ ის არის სუს-ის აგენტი, რომ ტყუილია და მას არ დაურეკავს 112-ში, რომ თითქოს მან შეცვალა ჩვენება, რატომ იყო ის თემქაზე ასული და ა.შ.

 

რეალურად ეს ბრალდებები, რომელიც იაკობის მიმართ ისმის, არის აბსოლუტურად უსამართლო. კითხები, რომლებიც მას გამოძიებამ დაუსვა პასუხგაცემულია. კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფომ და დაიცვას მისი მოწმე.

 

ჩვენ ამ ბულინგით, ამ თავდასხმით, რას ვეუბნებით ჩვენს მომავალ თაობას და ყველას, ვინც უყურებს სატელევიზიო სივრცეს – რომ მათ არ უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, არ უნდა დარეკონ პოლიციაში, როცა რაიმე საფრთხე ემუქრება ვინმეს ან ხდება კანონდარღვევა და არ უნდა იყვნენ მოწმეები, რადგან თუ ისინი ამას გააკეთებენ, აღმოჩნდებიან იაკობის მდგომარეობაში.

 

ჩემი ჩართვის მიზანი არის ის, რომ იაკობს არ შეეშინდეს არავისი, არ შეეშინდეს ასეთი ტიპის მუქარების, მაქსიმალურად გასცეს კითხვებს პასუხი. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, არავის დარჩეს განცდა, რომ იაკობი რაღაცას მალავს. იაკობმა რაც იცოდა, ყველაფერი თქვა, პირველი დარეკა პატრულში და შემდგომ პატრულმა რა როგორ გააკეთა, ამაში კომპეტენტური არ არის.

 

მას შემდეგ, რაც იგი სამალავიდან ჩამოვიდა, გავიდა ტყეში, იქიდან როცა გამოვიდა, არავინ აღარ იყო – არც მანქანები და არც ადამიანები. მას არც დაუშვია, რომ შეიძლება იქ ვინმე სადღაც ან დამალული იყო, მითუმეტეს გარდაცვლილი. არ დაუშვა, იმიტომ რომ აღარავინ იყო და შემდგომ ამისა, მან სთხოვა პატრულს - თუ თბილისში მიდიხართ , გამიყოლეთო. ეს არის აბსოლუტურად გაწონასწორებული, გულწრფელი ბავშვი 19 წლის. რაც მან გააკეთა, ამას დიდი ადამიანები ვერ მოიფიქრებდნენ, მან დარეკა პატრულში. დღეს ეს ადამიანი გახდა საზოგადოების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. მაგრამ, მე რომ ვფიქრობ და გადავხედე ამ ყველაფერს, რეალურად ვერ ვხვდები, რა არის აგრესიის მიზეზი.

 

იაკობი გულწრფელია გამოძიების წინაშე. ჩემი თხოვნაა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ – ნუ ვიქნებით ასეთი დაუნდობლები ამ ასაკის ბავშვის მიმართ, ჩვენ ამით ვაგზავნით მესიჯს თაობებში, პატარებში - რომ დამალონ და არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოიტყუონ.

 

აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ გააკეთა იაკობმა: დარეკა პოლიციაში, ითანამშრომლა, წარადგინა, რაც მას გამოძიებამ მოსთხოვა, მოქალაქეობრივი მოვალეობა მოიხადა! ის დღემდე არის შეძრული, ძალიან წუხს იმის გამო, რაც მოხდა, განადგურებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ 19 წლის ბავშვი, მისი თანატოლი დაიღუპა და შეიძლებოდა იმის ადგილას აღმოჩენილიყო თვითონაც, ამიტომ მინდა, ეს საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს. ნუ დავესხმებით ბავშვს თავს.

 

- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების მხრიდან ხომ არ არის ნინო გიორგობიანის მიმართ შურისძიების მომენტი?!

 

– შესაძლებელია, მე ნამდვილად ვერ გეტყვით. ვის რა ქვეტექსტები აქვს იაკობის მიმართ ბრალდებებში, არ ვიცი. ვიცი, რომ იაკობს ნინო გიორგობიანის ტელეფონის ნომერიც კი არ აქვს, ერთადერთი, რაც მასზე იცის, არის ის, რომ გიორგობიანი მოდულის შენობაში ზის. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რატომღაც ეს მიბმულია ნინო გიორგობიანთან. აქედან გამომდინარე, მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ვერ გეტყვით.

 

– იაკობის და მისი ოჯახის წევრების მისამართით წამოსული აგრესიისა და მუქარის გამო აპირებთ თუ არა მოახდინოთ სამართლებრივი რეაგირება?!

 

- რა თქმა უნდა, არა მარტო მუქარის, არამედ მისი მისამართით განხორციელებულ ცრუ ბრალდებებზე, ტყუილ სიუჟეტებზე და ცილისწამებაზე, რომ ის არის სტაჟიანი სუს-ის აგენტი, მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას!

 

იაკობი არის ისეთი სპორტით დაკავებული , რომელიც ადვილად აძლევდა მას შესაძლებლობას, გადამხტარიყო არსებულ ღობეზე, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვახდინოთ ამ ბრალდებებზეც რეაგირება, წავიდეთ ისეთ საათებში იმ ადგილას და შესაძლოა, მედიასაშუალებების ჩართულობით, გადავიღოთ ყველაფერი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner