logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: საქართველო უნდა ეცადოს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შემრიგებლის როლი ითამაშოს!
- +

18 ივლისი. 2020. 16:26

 

 

 

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებისას მსხვერპლის ოდენობა 16-მდე გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება. რესურსების, მდებარეობისა თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, რეგიონში მდებარე ორი მცირე ზომის სახელმწიფოს დაპირისპირება საკუთრივ სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს სცილდება.

 

სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა უმრავლესობამ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.

 

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება, ამ ეტაპზე სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების წინაპირობას ხედავთ?

 

- თუ მსხვილმა მოთამაშეებმა, რომლებიც პოლიტიკას ქმნიან რეგიონში, მოინდომეს, შესაძლოა, სიტუაცია სრულ მასშტაბიან ომში გადაიზარდოს და სიტუაცია გამწვავდეს.

 

- მასშტაბიანი ომის შემთხვევაში, რუსეთის მხარდაჭერა და უშუალოდ ომში ჩართვა რამდენად რეალურია?

 

- თუ აზერბაიჯანის მხარეს ჩაერთო რომელიმე სხვა ქვეყანა, მაგალითად, თურქეთი, მაშინ არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ რუსეთის ომში ჩართვას სომხეთის მხარეს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ესაა მილიონიდან ერთი შანსი.

 

- რა როლს თამაშობს რუსეთი და რა არის მისი ინტერესი შექმნილ სიტუაციაში?

 

- არ მგონია, რომ რუსეთი ამ კონფლიქტის შექმნაში მონაწილეობდეს, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით. ახლა უკვე, მეორე ეტაპზე ჩართულია.  ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სარგებელს ამ კონფლიქტიდან, ფართომასშტაბიანი ომიდან ვერ ვხედავ. სარგებელს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ პირველივე ეტაპზე  რუსეთისთვის რამდენიმე  პრესტიჟის შემლახავი ფაქტი მოხდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსეთმა არ აამუშავა ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც დადებული აქვს სომხეთთან და რომელიც გულისხმობს მის დახმარებას  მყისიერად, როდესაც  სომხეთის ტერიტორიას შეექმნება საფრთხე. პირველი ორი დღე რუსეთი განცხადებით შემოიფარგლა.

 

- რუსეთი ერთი მხრივ, დსთ-ის ფარგლებში სომხეთის მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს ღიად აწვდის დიდი ოდენობით შეიარაღებას აზერბაიჯანს...

 

- ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რუსეთის მთავარი ამოცანა - რა უნდა მას სამხრეთ კავკასიაში. რუსებს სურთ, სამხრეთ კავკასიაში მთლიანად აკონტროლებდნენ სიტუაციას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანას რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს. სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის კონტროლი რუსეთის უმთავრესი ამოცანაა. აქედან გამომდინარე შექმნა მან ასეთი ვითარება, როდესაც ის იარაღს აწვდის სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. გარდა ამისა, რუსეთის ამოცანაა, როგორმე მოახერხოს, რომ სამშვიდობო მისია აიღოს მთლიანად თავის თავზე და არ იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოები, მაგალითად, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ახლაც რუსეთმა შესთავაზა მხარეებს, რომ სამშვიდობოები ჩააყენოს მათ შორის.

 

- ე.ი. რუსეთი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ორივე მხარესთან, ცდილობს, შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს?

 

- დიახ, ცდილობს, იმიტომ, რომ რუსეთისთვის  ეს სიტუაცია, როცა თვითონ არ ფლობს   კონკრეტულ ვითარებას, მთლიანად წამგებიანია. მოსკოვში ასე თვლიან, ყოველ შემთხვევაში.  რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ შექმნილი ვითარებით  არ ისარგებლოს, მაგალითად თურქეთმა.

 

- ორივე ქვეყანაში ხალხში ანტირუსულ განწყობას ხედავთ?

 

- დიახ, ვხედავ. ერევანში მოსკოვისთვის შემაშფოთებელი განწყობების დემონსტრირება ხდება. სომხები უკმაყოფილოები არიან. უბრალო, ჩვეულებრივ ხალხზე ვსაუბრობ. უკმაყოფილონი არიან იმით, რომ რუსეთმა არ შეასრულა, მათი აზრით, აი ამ „ОДКБ“-ს -კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების კონკრეტული მუხლი პირველივე დღეებში.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომ გითხრათ, იქ რუსეთის პოლიტიკით დიდად კმაყოფილები არიან, ტყუილია. აქაც ჩვეულებრივ ხალხს ვგულისხმობ, თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. მაგალითად, ახლა კონფლიქტის პირობებში, ოფიციალურმა ბაქომ სომხეთთან განაახლა თავისი ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთზე გამავალი მაგისტრალითაც. ოფიციალური ბაქო ცდილობს შეინარჩუნოს კარგი დამოკიდებულება დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, მაგრამ მისი მთავარი მოკავშირე თურქეთია, რომელიც უპირობოდ  მის მთავარ პარტნიორად და მეგობრად ითვლება.

 

- შესაძლებელია, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის  დაპირისპირების მიზეზი გახადონ ქვეყნისთვის ცუდის მსურველებმა?

 

- დიახ, შეიძლება. მაგალითად თურქეთმა, რუსეთმა. იცით რა არის, ქართულ მედიაკორპუსს აჩემებული აქვს, რომ მთავარი მტერი რუსეთია. არაა ეს სწორი მიდგომა. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ინტერესი. თურქეთისთვის შეურიგებელი ფაქტია ის, რომ რუსეთმა მას თავის დროზე კავკასიაში კონტროლის საშუალება  მოუსპო. ამ ფაქტს არ შერიგებია თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ითვლება დღეს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად, უნდა ითქვას, რომ თურქეთში მას შემდეგ, რაც გააქტიურდა მათი მთავარი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია - პანოსმანისტური იდეოლოგია, რაც გულისხმობს ოსმალეთის  იმპერიის გავლენების აღდგენას, მას შემდეგ გახდა უკვე ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამ იდეოლოგიის რეალიზაციის საქმეში რუსეთი. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის კავკასიაში გავლენების აღდგენა. რუსეთი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

 

- კავკასიაში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, საქართველოს რა პრობლემები შეიძლება შეექმნას? 

 

- სიტუაცია თუ გამძაფრდა, ქვეყანას არამარტო ინვესტიციების მხრივ, პრობლემები შესაძლოა შეექმნას ლტოლვილების, ეთნიკური დაპირისპირების მხრივ. ასევე, დივერსიული აქტები შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ენერგომატარებელის კორიდორზე.

 

- თუ არის შესაძლებელი, საქართველომ შემრიგებლის როლი ითამაშოს?

 

- შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, საქართველო უნდა ეცადოს, ორ ქვეყანას შორის ამ როლის თამაშს. რამდენად გამოუვა, ეს მეორე საკითხია. შესთავაზოს მაგალითად თბილისის სამშვიდობო პლატფორმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner