logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უზნეო და უტიფარი ძალა გიორგი შაქარაშვილის საქმეს, ამ უბედურებას პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად იყენებს
- +

19 ივლისი. 2020. 01:26

 

 

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ უზნეო და უტიფარი ძალა გიორგი შაქარაშვილის საქმეს, ამ უბედურებას პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად იყენებს. მისი შეფასებით, ამ საქმეზე გამოძიება პროფესიონალურად მიმდინარეობს და მალე იქნება კონკრეტული შედეგიც.

 

ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ვერ ერკვევიან, რა პროცესები მიმდინარეობს, მსჯელობენ მხოლოდ იმით, რა ინფორმაციაც გამოაქვთ დაინტერსებულ მხარეებს ამ გამოძიების თაობაზე. გამოყენებულია ყველაფერი, მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ექვემდებარებიან, ყველამ ვიცით, ვისზე არის ლაპარაკი. პოლიტიკურ ასპექტში გამოიყენება ის უბედურება, რომელიც ამ ოჯახს და მთელ საქართველოს დაატყდა თავს.

 

გამოძიება პროფესიონალურად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ამ გააფთრებული ხელის შეშლის მიუხედავად, გვექნება კონკრეტული შედეგი. მედიას არ ვეძახი მე დაწესებულებებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა ან მისი მისი ქვედანაყოფები ან „ევროპული საქართველო“ განაგებენ სიტუაციას და ამ თემის წინ გამოტანა სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველზე რაიმე დივიდენდის მისაღებად.

 

მედია უშლის ამას ხელს – არის არასწორი ნათქვამი, ამ მედიით სარგებლობენ სახალხო დამცველის სრული გამოთიშვის პირობებში; სარგებლობენ კონკრეტული მედიასაშუალებებით, რათა საზოგადოებას მიაწოდონ დეზინფორმაცია და სარგებლობენ იმ ხალხის აქტივობებით, რომლებიც არიან დაინტერესებული მხარეები და გამოძიებას აქტიურად უშლიან ხელს. ესეც არის ფაქტი. თუნდაც, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ საცოდავი ოჯახის განცხადებას თუ შევაფასებთ და გავაანალიზებთ, მე მგონი, არავის შეკითხვა არ უნდა დარჩეს, ვისთან გვაქვს საქმე. რა უზნეო და უტიფარ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც იყენებს ამ უბედურებას იმისათვის, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner