„უკვე რამდენიმე არჩევნებია, ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„ხელისუფლების რეიტინგი პირველ რიგში ყველაზე კარგად არჩევნებზე ჩანს. კვლევებს, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა დროს ატარებს, შეიძლება ვენდობოდეთ, ან არ ვენდობოდეთ. ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ, არჩევნებზე არ აისახებოდა. უკვე რამდენიმე არჩევნებია, ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს. წელსაც იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეაფასებს იმას, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, რისი გაკეთება შევძელით და ეს საარჩევნო ყუთთან აისახება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის აზრით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ეს კვლევებში ჩანს.
ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” - 39%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”- 5%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.