„მოსახლეობამ ხელისუფლების ირწმუნა არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვირუსი შეყოვნდა და თითქმის დამარცხდა საქართველოში, არამედ ირწმუნა პირველ რიგში ის, რომ ამჟამად ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამგვარ გამოწვევებს სრულად პასუხობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეიტინგის ზრდა კორონავირუსს უკავშირდება, რითაც დიდ პლუსს უწერენ ხელისუფლებას, რადგან პანდემია კრიზისია და სხვა კრიზისების დროსაც უკეთესი რეაგირება ექნება მთავრობას.
„პანდემიაზე „ქართული ოცნების“ რეაგირება იყო საუკეთესო და მთელ მსოფლიოში გამორჩეული. ეთანაბრებოდეს ამ პროცესს რეიტინგის ზრდა, რა არის ამაში ცუდი - ჩვენ ხომ საუკეთესო მხრიდან დავინახეთ ხელისუფლება და ეს ადამიანებიც ოპოზიციაში ამას აღიარებენ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, სრული ბოდვაა ზოგიერთი ოპოზიციონერის ვარაუდი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ წავა.
„ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ გიორგი შაქარაშვილის საქმე იყო საჯილდაო ქვა; რომ აქ შეიძლებოდა, დამარცხებულიყო ხელისუფლება და „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა მოთამაშეებთან ერთად კვანტი გამოედო ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს არ გამოვა არც ერთ შემთხვევაში.
ეს შედარებები გირგვლიანის საქმესთან, სხვა საქმეებთან წარმოუდგენელია. შაქარაშვილის საქმეში მინისტრის მეუღლე მონაწილეობდა? ან რომელიმე მინისტრი იყო ჩართული? უმრავლესობა ხელს აფარებდა მკვლელებს და პრეზიდენტი მონაწილეობდა შეწყალებაში? უზნეო შედარებაა - 17 ადამიანია მოთავსებული საპყრობილეში, გადაკვალიფიცირებულია მუხლი, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.