„მე მონაწილეობა მივიღე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში, სადაც გასროლის მანძილი და კუთხე დადგინდა," - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა 2030-ში.
"ჩვენი მოთხოვნით დაინიშნა სხვადასხვა ექსპერტიზა და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც სისხლის კვალის მდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სისხლის განფენის მიხედვით უნდა დადგენილიყო, შეიძლებოდა თუ არა ავტომანქანის სალონში ვინმე მჯდარიყო, რაც კატეგორიულად გამოირიცხა. წინა მარჯვენა და მარცხენა ფანჯრებიდან შეყოფილი ხელით დაზიანების მიყენებაც ასევე გამოირიცხა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც, მარაოსებრად განფენილი შხეფები გადაიფარებოდა და ეს სურათი არ გვექნებოდა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილას მეორე პირის ყოფნა პრაქტიკულად გამოირიცხა, მაგრამ თეორიულად, რაღაც უცნაური პოზიციებიც არსებობს, რომელზეც ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.
"ჩვენ ყველაფერი დეტალურად გავიარეთ და შემოთავაზებული უჩვეულო პოზიციებიც კი გადავამოწმეთ. მეორე პირის იქ ყოფნა პრაქტიკულად გამოირიცხა, მაგრამ თეორიულად, არსებობს რაღაც უცნაური პოზიციებიც, რომელზეც ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. ექსპერტი შესაძლოა, შეცდეს, მაგრამ მას გამოგონების უფლება არ აქვს", - განაცხადა ექსპერტ-კრიმინალისტმა.
როგორც მან აღნიშნა, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიებისას ყველა სახის ექსპერტიზა მაქსიმალურად იქნა გამოყენებული.
"თუ ექსპერტიზას რამე შესაძლებლობა აქვს, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიებისას ყველა სახის ექსპერტიზა მაქსიმალურად იქნა გამოყენებული. თუ რამე კითხვა გვიჩნდებოდა, ექსპერტიზა აუცილებლად ინიშნებოდა, რომელსაც ვესწრებოდით. ცალსახად ნათელია, რომ შემთხვევის ადგილას ჩვეულებრივ პოზიციებში მეორე პირი არ ყოფილა. ჩემი პოზიცია 1 წლის წინ გამოვთქვი და გარდაცვლილის ოჯახსაც გავაცანი. ამის იქით ვეღარ წავიდოდი, რადგან ამის იქით მეცნიერება აღარ არის", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.