სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით“, - აცხადებენ სამსახურში.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მესამე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.
ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.
გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.