მრჩება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ახალგაზრდა და არცთუ მთლად ახალგაზრდა პოეტთა უმეტესობა ლექსებს კი არა, პირდაპირ პწკარედებს წერს! მგონია, რომ ეს არა იმდენად თავისი, რამდენადაც მთარგმნელთა შრომის გასაადვილებლად ხდება. რა მნიშვნელობა აქვს, როგორია ლექსი ქართულად, მთავარია, უცხო ენებზე ითარგმნოს და ამგვარი თარგმანები რომ დაუგროვდება, მერე იქნებ საერთაშორისო ფესტივალებზე მოიწონოს თავი და ბოლოს იქნებ ნობელის პრემიაზეც წარადგინოს ვინმემ! პწკარედების წერაში პოეტთა ეს რიცხვმრავალი კატეგორია მართლა სანობელე პოეტებმა ბესიკ ხარანაულმა და ლია სტურუამ შეაგულიანეს მათდაუნებურად. შეაგულიანეს და ძალიანაც გაუადვილეს არცთუ ადვილი საქმე. წაიკითხავს დამწყები თუ დაწყებული პოეტი მათ მშვენიერ ლექსებს, რომლებიც შორსაა წყობილსიტყვაობისაგან ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით და ამას რა უნდა, ასეთ ლექსს ხომ მეც დავწერო, იტყვის. ისეთს, რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ წერს მიმსგავსებულს, – ურითმოსა თუ ურიტმოს, ვითომ ვერბლანს, ვითომ ვერლიბრს, სინამდვილეში ვერლექსს ანუ ლექსლიბრს, სადაც ლექსსა და პოეზიას სქელი ლიბრი აქვს გადაკრული! მერე ეს ვერლექსების მწერალი უცხოელ პოეტთა ქართულ თარგმანებსაც გადახედავს, თავის თარგმანებსაც დაახვავებს და მოეჩვენება, რომ ნობელის პრემიამდე მართლა ერთი ნაბიჯია, ხოლო ნომინანტობას ხომ წინ არაფერი უდგას!
არადა, მართლა ერთი ნაბიჯია ნობელის პრემიამდე! მე ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა ნობელის პრემია ქართველსაც ერგება წილად და ქართველთა სანობელე ვნებებიც გარკვეული პერიოდით რამდენადმე ჩაცხრება.
დღემდე ყველაზე ახლოს ნობელის პრემიასთან ქართველთაგან გრიგოლ რობაქიძე იყო. ახალგაზრდობიდანვე ლეგენდასავით ვიცოდი ნობელის პრემიაზე მისი წარდგენის ამბავი და როცა გავიგე, რომ ნობელის კომიტეტი თავისი არქივის პირველი 50 წლის განსაიდუმლოებას აპირებდა, გავმეცადინდი და როგორც კი ინტერნეტში ის მასალები გასაჯაროვდა, რობაქიძის ნომინანტობისა და 1932 წლის სანობელე ბატალიების ამბავი დაწვრილებით აღვწერე „ლიტერატურულ გაზეთში“ ამ ათიოდე წლის წინათ.
იყო მეორე ლეგენდასავით ცნობაც, სხვათა შორის, ვიკიპედიაში შეტანილიც, რომ თითქოს 1930-იანი წლების ბოლოს ნობელის პრემიაზე ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წარდგენილი იყო ვასილ ვარაზაშვილი, მაგრამ კომიტეტის არქივებით ეს ამბავი არ დასტურდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორჯერ იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი სტალინი, 1945 და 1948 წლებში, მაგრამ პირველ ჯერზე პრემია კორდელ ჰალმა მიიღო გაეროს შექმნაში შეტანილი წვლილისათვის, მეორე ჯერზე კი – პრემია საერთოდ არ გაუციათ „შესაფერისი ცოცხალი კანდიდატის არარსებობის გამო“, რითაც აშკარა გახდა, რომ პრემია მაჰატმა განდისთვის უნდოდათ, რომელიც იმ წლის დასაწყისში მოკლეს.
მერე თითქოს ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო საბჭოთა დისიდენტთა ჯგუფი, რომელთა შორის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდის არქივი ჯერ ისევ დახურულია და დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელია.
შემდეგ, ოფიციალური თუ ნახევრადოფიციალური ცნობების თანახმად, უკვე დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოდან ნობელის პრემიაზე ერთმანეთის მიყოლებით წარუდგენიათ ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, დათო მაღრაძე, რევაზ მიშველაძე, ბესიკ ხარანაული...
დღეს, ჩემი აზრით, ქართველთაგან ორი ადამიანია ყველაზე ახლოს ნობელის პრემიასთან – ფიზიკოსი გია დვალი და პოეტი დათო მაღრაძე.
ვინ იქნება პირველი, ფიზიკოსი თუ ლირიკოსი, ვფიქრობ, იმაზედაც არის დამოკიდებული, როგორ მოიქცევა შვეიცარიაში ჰიგსის ბოზონი ანუ „ღმერთის ნაწილაკი“, როდის და როგორ შედეგებს დადებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტი.
რაც შეეხება დათო მაღრაძეს, თუმცა ათი წლის წინათ, როცა იგი პირველად წარადგინეს ნობელის პრემიაზე, მე უკვე ვწერდი მის შესახებ, როგორც შესაძლო ნობელიანტზე, სულაც არ ვამტკიცებ, რომ იგი საუკეთესო ქართველი პოეტია თუნდაც ცოცხალთა შორის. ამის მტკიცება გინდ დათოს და გინდ სხვათა შემთხვევაში შეუძლებელიცაა, რადგან პოეზიისა და პოეტების შეფასება უაღრესად სუბიექტური რამ გახლავთ და სხვადასხვაა შეფასების კრიტერიუმებიც. მე უბრალოდ ვითვალისწინებ რიგ მწერლურ თუ არამწერლურ გარემოებებს, მისი ბიოგრაფიის თავისებურებებს და მის უკვე მრავალწლიან საერთაშორისო ცნობადობას.
ვითვალისწინებ იმასაც, რომ ზოგადად ქართველი პოეტები უფრო ახლოს არიან ნობელის პრემიასთან, ვიდრე ქართველი პროზაიკოსები. მე ერთგვარ დაუდევრობად მიმაჩნია თავის დროზე ოთარ ჭილაძის პროზაიკოსად წარდგენა ნობელის პრემიაზე. მერე რა, რომ მისი პოეზია გაცილებით ძნელი სათარგმნია, ვიდრე პროზა. მთლიანობაში ქართული პროზა ვერანაირად ვერ მოვა ქართულ პოეზიასთან. სულ თითებზე ჩამოსათვლელი გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე გატანილ-გასატანი რომანები. საერთოდაც, რაც ქართულ ენაზე რომანი შექმნილა, იმდენი არა ერთსა და ორ უცხოელ მწერალს მისდათავად, მარტოს აქვს დაწერილი!
ამიტომ მგონია, რომ თუ ამ პრემიას ლიტერატურაში გვარგუნებენ, პირველი ქართველი ნობელიანტი სწორედაც პოეტი იქნება. ამიტომ მგონია, რომ ის პრემია მთელი ქართული პოეზიის აღიარება იქნება. ხოლო ქართველ პოეტთაგან ნობელთან ყველაზე ახლოს, ვიმეორებ, დავით მაღრაძეა, რომელიც თავის თავს იმთავითვე დაბეჯითებით მოიხსენიებს დათოდ, ისევე როგორც გიორგი დვალი ვერ ელევა კნინობით გიას. ნობელის კომიტეტისთვის, ეს რა თქმა უნდა, სულერთია, მაგრამ ქართველთათვის ამგვარი ფორმები რამდენადმე არასოლიდურობის შთაბეჭდილებას ახდენს, რაც, ფართო საზოგადოების აზრით, დისონანსში მოდის ნობელიანტის, ან თუნდაც სანობელე ნომინანტის სტატუსთან.
თუმცა დათო მაღრაძეს ამის მიუხედავად, სოლიდურობა არ აკლია. მისი შემოქმედება და მისი ბიოგრაფია დიახაც გამორჩეულია ამ მხრივ და საკმაოდ სოლიდურად და შთამბეჭდავად გამოიყურება ნობელის კომიტეტის გადმოსახედიდანაც, რომელიც პრემიის მინიჭებისას არცთუ მცირე ყურადღებას აქცევს ნომინანტის ბიოგრაფიას და მის პოლიტიკურ შემადგენელს.
დათო მაღრაძის პარლამენტის წევრობა და გადადგომა, კულტურის მინისტრობა და გაგადგომა, ქართული პენ-ცენტრის პრეზიდენტობა და გადადგომა მის ბიოგრაფიას არაორდინარულსა და სანობელედ მომგებიანს ხდის. ხუმრობით იმის თქმაც შეიძლება, რომ ერთი პატარა პატიმრობაღა აკლია და ბიოგრაფიული პერიპეტიების სრული კომპლექტი ექნება!
თუმცა პოლიტიკური თუ ბიოგრაფიული გამორჩეულობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს მთავარი, პრემიას სხვაზე უწინ ალბათ ვაცლავ ჰაველი მიიღებდა. მთავარი, რა თქმა უნდა, მაინც შემოქმედებაა, ლიტერატურული პროდუქცია. ამ თვალსაზრისით დათო მაღრაძეს არამც და არამც არ ეხება ის, რითაც ეს შთანაწერი დავიწყე. სწორედაც პირიქით: დათო მაღრაძისგან ძალიან შორს არის პწკარედული პოეზია, იგი ძირითადად დახვეწილ, რითმიან-რიტმიან ლექსებს წერს და ამის მიუხედავად მისი ლექსები ითარგმნება და ითარგმნება სხვადასხვა ენაზე, გამოდის და გამოდის სხვადასხვა ქვეყანაში, აჯილდოებენ და აჯილდოებენ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებზე. ერთი მისი წიგნის პრეზენტაციას და პრემიის გადაცემას თავადაც დავესწარი 2014 წელს რომში.
დათო მაღრაძის მაღალი და სოლიდური პოეტური კულტურის დასტურია მისი ახალი წიგნი „ბარაქიანი მიწა“ (თბილისი, 2020), რომელიც საუკეთესო მგონია მის შემოქმედებაში. წიგნის განხილვა შთანაწერების ჟანრის მიღმაა, სათაურზე კი აუცილებლად უნდა ვთქვა: ამ წიგნის სათაურით, თუმცა იგი დიამეტრალურად განსხვავებულია, ავტორი საკმაოდ გამჭვირვალედ ეხმიანება ნობელიანტი პოეტის ტომას სტერნზ ელიოტის ცნობილ წიგნს „ბერწი მიწა“, რასაც საგანგებოდ უსვამს ხაზს როსტომ ჩხეიძე წიგნის წინასიტყვაობაში. როსტომი, როგორც ყოველთვის, უაღრესად საინტერესო პარალელებს ავლებს და დიდადაც ეხმარება მკითხველს მაღრაძის ამ ახალი წიგნის სრულად გააზრებაში. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ თუმცა ზუსტად თანხვდება, მაგრამ დათოს წიგნის სათაური არცთუ მთლად გამჭვირვალედ ეხმიანება კიდევ ერთი ნობელიანტი მწერლის – კნუტ ჰამსუნის მონუმენტურ რომანს „მიწის მადლი“ (ან „მადლიანი მიწა“), სწორედ იმას, რომელშიც მას ნობელის პრემია მიანიჭეს 24 წლის ადრე ელიოტამდე, 1920-ში.
კვიმატმა და ნუმეროლოგიურ თუ სხვა რამ სიმბოლურობას გამოდევნებულმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ნობელის პრემიით აღნიშნული ეს „მიწები“ უნდა გასამდეს და თუნდაც მხოლოდ თავისი ამ ახალი წიგნის სათაურით დათო მაღრაძე ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად უახლოვდება ნობელის პრემიას!
ის კი უახლოვდება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ თუმცა შემთხვევით და ბუტაფორიულად, მაგრამ 31 წლის წინათ, 1989-ში, არათუ მივუახლოვდი, ქართველთაგან პირველმა მე უკვე გავიარე ის გზა, რომელსაც ნობელის პირველი ქართველი ლაურეატი გაივლის – საკუთარი ფეხით მოვიარე და საკუთარი თვალით მოვიხილე ყველა ის ადგილი, სადაც იმართება ნობელიანტთა დაჯილდოება, ნობელიანტთა პატივსაცემად გამართული კონცერტი, ბანკეტი თუ მეჯლისი. სტოკჰოლმის რატუშის ოქროს დარბაზში სურათიც გადამიღეს იმ ტრიბუნაზე, რომელზეც 1932 წელს ჯონ გოლსუორსის ნაცვლად გრიგოლ რობაქიძე შეიძლებოდა მდგარიყო. ვნახე ის დარბაზიც, სადაც, ვფიქრობ, არცთუ დიდი ხნის შემდეგ გამოვა ფრაკში გამოწყობილი და პეპელა-ჰალსტუხით ყელდამშვენებული პირველი ქართველი ნობელიანტი, „ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი“ და სანობელე ლექციით მიმართავს ნობელის პრემიის კომიტეტს, შვედეთის მეფეს, დამსწრე საზოგადოებას, თავის სამშობლოს – საქართველოს, მთელ მსოფლიოს...
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს იმ ერთმა თუ რამდენიმე ინსტიტუციამ, რომელთაც ნობელის პრემიაზე წარდგენის უფლებამოსილება აქვთ, რაღაც საერთო პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ, თუნდაც იმისთვის, რომ ყველაზე მეტი შანსის მქონე კანდიდატს ერთხმად დაუჭირონ მხარი, რათა მისი შანსები საერთო ძალისხმევით მაქსიმალურად გაზარდონ. სხვა მხრივ, ყველას ჩვენ-ჩვენი ფავორიტი შეიძლება გვყავდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სრულიად მართალი აღმოჩნდება ერთი სახელოვანი ქართველი პოეტი, რომელიც ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ ქართველები მხოლოდ ნობელის პრემიის ნომინანტობისთვის ირჯებიან და არა თავად პრემიისათვის, ხოლო ქართული სანობელე ვნებები ფუჭი აღმოჩნდება და პრემიაზე წარდგენილი კანდიდატები ალბათ ისევე შორს იქნებიან პრემიისაგან და ისევე ბუტაფორიულნი იქნებიან, როგორიც მე ვიყავი, ისტორიული რატუშის ოქროს თუ ცისფერ დარბაზებში რომ დავიჯგიმებოდი სტოკჰოლმში!
სანობელე ბატალიებში გამარჯვებას მართლა სჭირდება ნებელობა! სანობელე ნებელობა!
ეს სიტყვა – ნებელობა – ამ შთანაწერში თავიდან არ ყოფილა. როცა იგი რედაქციაში მივიტანე, აღმოჩნდა, რომ გაზეთის იმავე ნომერში იბეჭდებოდა გაზეთის რედაქტორის რეცენზია მაღრაძის „ბარაქიან მიწაზე“. ჩემი ტექსტი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ გადავდეთ, ვანო ამირხანაშვილს კი ამ სიტყვას დავესესხე მისი ერთი ფრაზიდან:
„დათოს აღმოაჩნდა საკმარისი ნებელობა იმისათვის, რომ დაძაბული სულიერ-ინტელექტუალური ძიებების შედეგად ასულიყო ახალ პოეტურ სიმაღლეზე“.
ისე ჩანს, რომ ქართულ სანობელე ვნებებს დათო მაღრაძე სანობელე ნებელობას უპირისპირებს.
სახალისო ამბავი იქნება, თუ დათო მაღრაძე, რომელსაც, რამდენედაც ვიცი, ჩვენი საბა არ მიუღია, ნობელის პრემიას უჩვენსაბაოდ მიიღებს!
„დადის აჩრდილი ევროპაში, აჩრდილი პოეზიისა“, – წერს იმ თავის წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძე.
მინდა დავძინო, რომ საქართველოში, სადაც პოეზიის აჩრდილი მუდამ დადიოდა, ახლა ნობელის პრემიის აჩრდილიც დადის.
დაბოლოს, ყველაფერი რაც ამ შთანაწერში ვთქვი, მთელი ეს განსჯა თუ ანალიზი, სურვილები თუ პროგნოზები შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სულ თავდაყირა დააყენოს ნობელის კომიტეტმა, რომლის გადაწყვეტილებები, თუნდაც მხოლოდ ლიტერატურის დარგში, ხშირად ისეთია, რომ ყბა უვარდება ადამიანს. მას ეს არაერთხელ გაუკეთებია. აქ ალბათ მხოლოდ უინსტონ ჩერჩილის, ელფრიდე იელინეკისა და ბობ დილანის მაგალითების გახსენებაც კმარა.
ერთის იმედი კი მართლა მაქვს: შორს არ არის ის დრო, როცა ბოლოს და ბოლოს ქართველი ნობელიანტიც გვეყოლება! რატომღაც ვფიქრობ, რომ ნობელის კომიტეტს ერთი ქართულ ენაზე მწერალი ერთი ლაურეატიც სჭირდება, რათა ნობელიანტთა ენების რაოდენობა, დღეს რომ 25-ს შეადგენს, კიდევ ერთი ენით გაიზარდოს.
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ცოდნით ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით, რომელია სწორი – სანობელე თუ სანობელო. ნებელობა – ვიცი, – სწორია. ან იქნებ არც ეს არის სწორი და ზუსტი სიტყვა. იქნებ ვნებელობა უნდა მეთქვა? – ვნება და ნებელობა ერთად.
„ლიბროკუბიკულარისტული შთანაწერებიდან“.
გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, № 14, 17 ივლისი, 2020.
ავტორი: პაატა ნაცვლიშვილი.