„30 წლის წინ, 1990 წლის 20 ივლისს, გარდაიცვალა გამოჩენილი მხატვარი და კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. ეს ჩემი სერგოს ერთ-ერთი ბოლო სურათია.“- იური მეჩითოვი ლეგენდარულ კინორეჟისორს იხსენებს.
XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში გარდაიცვალა.
ცნობილი ღეჟისორი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.
ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.