„დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიაში ჩვენი გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცადა.
„მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ქვეყნის ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები, დემოკრატიის მიღწევასთან ერთად, ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს არის პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობა.
ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება!
ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია - სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ამისათვის, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ის მიზნები, რომლებიც გვაქვს.
ეს მიზნებია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს ქვეყნის კეთილდღეობა თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე;
რა თქმა უნდა - ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ისინი მშვიდობიანად დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში, ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება, რა თქმა უნდა;
ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი ღირსეული სიბერე;
კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები;
და ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები. ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა, ერთიანობა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, არის ამ გზაზე წარმატების ყველაზე დიდი საფუძველი. ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს მთელს მსოფლიოს დავანახეთ.
ამიტომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასიც და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ, ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის!“