საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას არ გაუთვალისწინებია თუ ვინ იქნებოდა მათი ოპონენტი ოპოზიციიდან.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი საქმის კეთების უნარი იყო.
„ეგ არ ყოფილა განმსაზღვრელი ნიშანი, იქ ისაა და მოდი ამ კანდიდატს დავაყენებ - ასე არ იყო. საქმიდან გამომდინარე. საქმე უნდა აკეთო და უნდა გქონდეს რესურსი, საქმე გააკეთო. მე ვერ ვხედავ, რომ ამ დესტრუქციულ ძალას უნარი შესწევს გააკეთოს ის, რაც ჩვენს კანდიდატებს შეუძლიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდმა „გამოაჩინა, რომ თურმე, არავითარი ფორმალური მმართველობა არ არსებობს“.
„მუშაობს უშველებელი მანქანა და მუშაობს შეუცდომლად. შეცდომები ვის არა აქვს, მაგრამ რესურსი არის ახლა, ინტელექტუალური რესურსიც არის საქართველოში და არ არის აუცილებელი, რომ ყველა პარლამენტში იჯდეს, ხომ? ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა ეს არ არსებობს. იყო ერთ-ორ რეგიონზე კამათი, ის სხვას ამბობდა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების მოსაზრება გაითვალისწინა”, - აღნიშნა ვოლსკიმ.