ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს წარმოდგენილი კანდიდატები არიან „ქართული ოცნების“ გუნდის ერთი ნაწილი. საარჩევნო სია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და სიით წარდგენილი კანდიდატები არ გაცნობიან ჯერ საზოგადოებას. დღეს ვინც იქნა წარდგენილი, დიახ, იქ არის მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი, მაგრამ ეს არ არის „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი, ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
ქართლი ოცნების“ მამაკაცმა დეპუტატებმა იპოვეს საკუთარ თავში ძალა და ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც მაცნეზეა უკვე გამოქვეყნებული, „საარჩევნო კოდექსში ცვლილებები“ ჰქვია და ძალაშია შესული. ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ ამ არჩევნებისთვის ყველა პარტიას აქვს ვალდებულება, რომ თითოეულ ოთხ კანდიდატში 1 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ქალებისთვის გენდერულ კვოტას პარლამენტში ვემხრობოდი და ვემხრობი, ამიტომაც მადლობას ვუხდი იმ დეპუტატებს, ვინც ამ ცვლილებას დაუჭირა მხარი. არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდი, არამედ ყველა პარტიის გუნდი, უნდათ თუ არ უნდათ, იქნება გენდერულად გაცილებით უფრო დაბალანსებული, ვიდრე წარსულ წლებში ყოფილა და საქართველოს მომავალი პარლამენტიც, წლის ბოლოს იქნება გენდერულად გაცილებით უფრო დაბალანსებული ამ სავალდებულო კვოტის წყალობით. მე არ ვცხოვრობ ილუზიაში, რაც არ უნდა პატივს ვცემდე ჩემს თანამებრძოლ „ქართული ოცნების“ წევრ მამაკაცებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ სავალდებულო კვოტა სჭირდება ყველა მამაკაცს იმისთვის, რომ იფიქრონ მეტი ქალის მონაწილეობაზე პოლიტიკაში. „ქართული ოცნების საარჩევნო სია სწორედ ამ ახალი სავალდებულო კრიტერიუმის მიხედვით შედგება და საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო გუნდი იქნება გენდერულად დაბალანსებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა, აღნიშნულ საკითხზე ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკასაც უპასუხა.
„ოპონენტებს რაც შეეხება, მე მათი გამკვირვებია, არ ღირს მათზე ბევრი დროის ხარჯვა, მით უმეტეს დღეს. გამკვირვებია იმიტომ რომ, როდესაც „ქართული ოცნება“ გენდერულ კვოტებზე როგორც იქნა ალაპარაკდა პარლამენტში, კიდევ ერთხელ, 10-ჯერ და 100-ჯერ მადლობა მათ იმისთვის, რომ ქალებზე იფიქრეს, მათ აკრიტიკებდნენ ოპონენტები, დასცინოდნენ კიდეც. ბევრი ქილიკი ისმის იმაზე, რომ თითქოს ქალი შეურაცხყოფაა, როდესაც ქართული ოცნება ფიქრობს გენდერული კვოტის შემოტანაზე. მე მინდა, როგორც კაცობრიობის ამ პირველი ნახევრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვთქვა, რომ ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს შეიძლება არ მჭირდება მე, არ სჭირდებათ ჩემნაირ უკვე პოლიტიკაში მყოფ ქალებს, მაგრამ ეს სჭირდებათ ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც ახლა ამთავრებენ უნივერსიტეტებს და მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ხელშეწყობა, ვიდრე ჩვენ გვქონდა თავის დროზე. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა და დიდი ცვლილება, რომელმაც ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა მოხდა ქალთა უფლებებისთვის ძალიან დიდი, გიგანტური ნახტომი წინ 2020 წლის ივნისში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.