პარტიამ „ქართული ფესვები“, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს, რუსთავში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატად ბესო ჩუბინიძე წარადგინა.
„ინფო რუსთავი“ ბესო ჩუბინიძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ მიიღო საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილება.
„ამ გადაწყვეტილებამდე ალბათ ჩემმა განვლილმა წლებმა მიმიყვანა. ასევე გამოცდილებამ იმისა, რა გამოცდილებაც მე დამიგროვდა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნისა. განსაკუთრებით კი რუსთაველების.
პირდაპირი და ირიბი გაგებით მე ამ ქალაქისთვის ვიბრძოდი ბავშვობიდან. მოგეხსნებათ, მე აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ. ვიყავი 17 წლის რუსთავის ბატალიონის მოხალისედ.
გადავწყვიტე, რომ ახლა, წლების მერე, ჩემი ეს დაგროვილი გამოცდილება და შესაძლებლობები და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მე მაქვს, სხვა კუთხით და სხვა ტრიბუნით გამოადგეს ქვეყანასა და იმ ქალაქს, რომლისთვისაც მე ბავშვობიდან ვიბრძოდი“,- განუცხადა „ინფო რუსთავს“ ბესო ჩუბინიძემ.
ახალდაარსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის გარდა სხვა ოლქებშიც წარადგინა კანდიდატურები.
ქუთაისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათია ჯიმშერეიშვილი იქნება, გურიაში - ნუგზარ კვაშალი, რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი, ზემო აჭარაში – ზურაბ ცინცქილაძე.