უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალენტინა დანიშევსკაიამ, სააგენტო „Интерфакс-Украина“-სთან კორესპონდენტთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და განაცხადა, რომ იგი ბევრს ლაპარაკობს, საქმით კი არაფერს არ აკეთებს.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
– ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვესმის უკრაინაში მასშტაბური სასამართლო რეფორმის გატარებაზე, როგორ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორულ იდეებს? მიგაჩნიათ თუ არა რაციონალურად მისი ინიციატივა უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევაზე? მიზანშეწონილია თუ არა იდეა უკრაინაში მოსამართლეთა 90%-ის შეცვლაზე, როგორც ეს საქართველოში განხორციელდა?
– მიხეილ სააკაშვილისაგან, რადიკალური რევოლუციური ლოზუნგების გარდა, ჩვენ რაიმე კონკრეტული არაფერი არ გვესმის. იგი ლაპარაკობს იდეალური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იდეალურად იმუშავებს და, შესაბამისად, იმ [ახალ სისტემაში] იდეალური მოსამართლეები დაინიშნებიან.
უცხოელი მოსამართლეების მოწვევის იდეაზე კი ასე ვიტყოდი: ამგვარ მოსამართლეთა მუშაობის შედეგი დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ როგორი სახელმწიფო გვექნება, რომელმაც მათი დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას.
– მაგრამ ეს ხომ არაკონსტიტუციური იქნებოდა…
– დიახ, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა შეუძლებელია. ქვეყნის ძირითადი კანონი ითხოვს, რომ მოსამართლე უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს, რომ მან უკრაინული სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს… საერთოდ კი, მე არ ვიცი მაგალითი მსოფლიო პრაქტიკაში, რომ ასეთმა იდეამ მართლმსაჯულებაში რაიმე გარღვევა მოიტანა.
რაც შეეხება საქართველოს სასამართლო სისტემას: ჩვენ ყოველთვის მოხარულნი ვართ ჩვენი კოლეგების წარმატებებისა სხვა ქვეყნებში, მაგრამ არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ იყოს კმაყოფილი ქართველი მოსამართლეების მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენით.
ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ვაანალიზებთ წინადადებებს და შენიშვნებს. მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგებში კი კონკრეტულს ვერაფერს ვხედავთ. ჩვეულებრივად ასე ხდება, რომ კონსტრუქციული დიალოგის დროს განისაზღვრება პრობლემა, სასურველი შედეგი და ამ შედეგის მიღწევის ოპტიმალური გზა. აი, მე ასეთი მუშაობის მომხრე ვარ.
– დიალოგი თუ გაქვთ რეფორმების ეროვნულ საბჭოსთან? მიხეილ სააკაშვილთან?
– არავითარი დიალოგი არ არსებობს. რეფორმების საბჭოდან ჩვენთვის არავის არაფერზე არ მოუმართავს, მათი მხრიდან არანაირი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა. თუ იქნება იდეები და წინადადებები, რაიმე პრობლემური საკითხის განხილვის ინიციატივა, ჩვენ იმავწუთს გამოვეხმაურებით. უმაღლესი სასამართლო ხომ უპირველესი სტრუქტურაა, რომელიც მართლმსაჯულების გაუმჯობესებით არის დაინტერესებული.