მე ყოველთვის ვამბობ, რომ აშშ-ის პარტნიორების რიგებში საქართველო თავისი წონითი კატეგორიის შესაძლებლობებს აჭარბებს. ის გამორჩეული მოკავშირეა, აქვს დიდი გავლენა და ჰყავს ბევრი მეგობარი კონგრესში. ვიცი, რომ ქართულ მედიაში უარყოფით კონტექსტში განიხილებოდა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, თუმცა გეტყვით, რომ ეს ურთიერთობები იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო. მე სრულად ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაზრდილი ინფორმირებულობა და აშშ-სთვის თქვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ცოდნა. დღეს საქართველოსა და მისი მნიშვნელობის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცის. ასევე ბევრისთვისაა ცნობილი ის ფაქტი, რომ საქართველო სამშვიდობო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უფრო მეტი კონტინგენტითაა წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ჩვენი მოკავშირე ქვეყნები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აშშ-ის პარტნიორების რიგებში საქართველო თავისი წონითი კატეგორიის შესაძლებლობებს აჭარბებს. ის გამორჩეული მოკავშირეა, აქვს დიდი გავლენა და ჰყავს ბევრი მეგობარი კონგრესში. ჩვენ და, პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა იხილა ის სირთულეები, რაც ბოლო თვეებში თან ახლდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ახლა წინ არჩევნებია, რომელიც განსხავებული აზრების, იდეებისა და მხარეებს შორის შეჯიბრია ქართველი ამომრჩევლების გულების მოსაგებად. ჩვენ გვესმის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და როგორც ხედავთ, ჩვენ თავადაც გვაქვს ხანდახან პრობლემები. საქართველოში გვსურს ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ვიცი, რომ ქართულ მედიაში უარყოფით კონტექსტში განიხილებოდა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, თუმცა გეტყვით, რომ ეს ურთიერთობები იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო. მე სრულად ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ“, - განაცხადა კინზინგერმა.
მისივე თქმით, ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.
დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.