უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
„საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ნებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას და დისტანციური სამუშაოები შეასრულონ საქართველოდან. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე და რეზიდენტი ეწვევა, რომელსაც 180 დღით დარჩენა შეუძლია. ასევე ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში შემოვლნენ საკმაოდ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, რომლებიც გრძელვადიანი პერიოდით დარჩებიან საქართველოში, იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გამოიყენებენ სხვადასხვა სერვისებს. ეს დაეხმარება ბინების გაქირავებას, განთავსების ობიექტებს, გიდებს, ტურისტულ ტრანსპორტს და რეგიონებში არსებულ სასტუმროებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი "იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ უსაფრთხოების ზომების დაცვით განხორციელდება და უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლა მოხდება დიდი სიფრთხილით, მათ შორის საკარანტინო სივრცეების გამოყენებით.
„საქართველო მთელ მსოფლიოში დაპოზიციონირებულია როგორც უსაფრთხო მიმართულება, ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რომლის გამოყენებასაც ქვეყნის სასარგებლოდ ვფიქრობთ, ისე რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა, შესაბამისად ამ პროექტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ საქართველოში შემოსვლის ნებართვა, რისთვისაც შემუშავებულია შესაბამისი პროგრამა. ისინი მიიღებენ ნებართვას და ქვეყანაში იცხოვრებენ 6 თვით, წარმართავენ დისტანციურ სამუშაოებს, შემოსავალი ექნებათ უცხოურ ვალუტაში, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.