„არის საკითხები, რომელსაც ჰქვია შენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, თვითონ ადამიანების დამოკიდებულება შენ მიმართ. კლასტერს რაც შეეხება, არის გარკვეული ეზოს ფორმატი, სადაც იკრიბებიან ადამიანები ერთი სულისკვეთებით, ერთი ფიქრებით, ერთი პოზიციით და მათ შორის არის კონკრეტული პოლიტიკური ძალაც“,- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში.
მან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან - ირაკლი ხახუბიასთან, დავით სონღულაშვილთან, დავით დუგლაძესთან და ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც ჟურნალისტმა გაიმეორა. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ქვეყნისთვის, თავისი რეგიონისთვის თავდადებულები არიან, ბევრი საქმე გაუკეთებიათ და ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გაცილებით მეტს გააკეთებენ, ვინაიდან არ არიან იმ პრესის ქვეშ, რაც ჰქონდათ. ეს ერთი. მეორეც - არც დავითი მახსოვს დიდად ნაციონალურ მოძრაობაზე გადამკვდარი, არც დუგლაძე. კი, ანზორ ბოლქვაძე იყო ხულოს დეპუტატი, არის კანდიდატი და ხულოში რომ ახვიდეთ და მოიკითხოთ, ამ შეკითხვას დაარქმევთ ერთ ძალიან პატარა სახელს, რასაც ჰქვია პოპულიზმი“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ინტენსიურად ხვდებიან მოსახლეობას, თუმცა ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ხალხთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვეა საჭირო.
“პირადად მე ,სულ მცირე, 2 კვირაში ერთხელ ვხვდები მოსახლეობას, მოქალაქეთა საკმაოდ დიდ რაოდენობას. გარდა ამისა, ჩემი ბიურო ყოველდღე მუშაობს. ბიუროში კომპეტენტური ხალხია და პიროვნული შეხვედრის გარდა , საკმაოდ დიდი რაოდენობის განცხადებებს ვიხილავ და არა მარტო მე, ჩემი თანამშრომლები, ბიუროს უფროსი. არა მგონია, შეძლოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მოიცვას მთელი რაოდენობა, ვისაც უნდა შეხვდეს. მე ასე მგონია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შეხვედრებია ჩასატარებელი და არა შეხვედრა შეხვედრისათვის. ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხია, ბევრი კარგი აზრია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გარდა, ადამიანებს აქვთ ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.