იქნებიან თუ არა „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი როლი შეასრულეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ ესწრებოდნენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციას ცნობილი ეპიდემიოლოგები - ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი, კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთ სიმპათიას არ მალავენ.
„მე ყველა ამ ადამიანს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ისენი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა. რაც შეეხება პოლიტიკას, ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა - ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა, აქვს ხედვა ამა თუ იმ საკითხზე. ეს ადამიანები არ მალავენ, რომ აქვთ გარკვეული სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ. მათთან პარტიულ სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი, ისინი ჩვენს ქვეყანას სჭირდებიან იქ, სადაც იმყოფებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.