მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში ნაკლებად ვჩანდი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე წავედი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოზე„იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან საჯარო სამსახური განაგრძო და პოლიტიკაში დაბრუნებას თავიდანვე გეგმავდა.
„თავიდანვე, შარშან, ივნისში, როცა გადავდექი მინისტრობიდან, მაშინვე მქონდა შეთანხმება, რომელიც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა საჯაროდ, რომ მე ვრჩები ამ გუნდში. მაშინვე გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ მე მივიღებდი მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, თუმცა არ იყო განსაზღვრული მაჟორიტარი (ვიქნებოდი) თუ პროპორციული სიით, რადგან ეს რეგულაცია არ იყო ჯერ დაზუსტებული“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის იზრუნებს როგორც საკუთარ ამომრჩეველზე, ასევე მათზე, ვინც ხმას სხვა კანდიდატს მისცემს.
„მე ვეცდები ვიზრუნო იმაზე, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს განსაცდელთან ერთი ერთზე. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მოგვარება ერთბაშად შეუძლებელია, თუმცა მე ამის გამოცდილება მაქვს, რომ სისტემური მართვის შემთხვევებში, სხვადასხვა უწყებასთან კარგი კომუნიკაციის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება მიაღწიო პროგრესს“, - აღნიშნა სერგეენკომ.
სერგეენკომ საარჩევნო კამპანიის საკუთარ სტილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა არა მეტოქეების დამარცხება, არამედ მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა იქნება.