logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „არა შეჯდა მწყერი ხესა!“
- +

23 ივნისი. 2016. 12:10


არა შეჯდა მწყერი ხესა!"

(ალავერდი პარლამენტთან!)


გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უსიამო განცხადებები გაკეთდა. თემა ნაცნობია: თბილისის აეროპორტში, ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს ჩაწერის დროს „თავდასხმა" ჟურნალისტებზე და ვანო მერაბიშვილი...


როცა „რეპორტიორმა" ეს ამბავი გაიგო, გადამოწმებისა და კომენტარისთვის დავრეკეთ სტრასბურგში, გვინდოდა, დავკავშირებოდით ქართველ პარლამენტართა დელეგაციის ოფიციალურ ხელმძღვანელს თედო ჯაფარიძეს. უშედეგოდ! შემდეგი მცდელობა - ზვიად კვაჭანტირაძეს. ესეც უშედეგოდ!


კვლავ...


ამ წვალებაში რომ არიან ჩვენები, ქუთაისიდან გვირეკავს ერთი კოლეგა და როცა თავის სათქმელს მორჩა, ჰკითხეს, რა გამოძახილი აქვს ამ განცხადებებს მანდ, ჩვენს პარლამენტშიო... არ ვიცი, არაფერი გამიგია და შევეცდები, გავარკვიო თედო ჯაფარიძესთან ან ზვიად კვაჭანტირაძესთანო... კი მაგრამ, მაგ ხალხს მანდ რა უნდა, სტრასბურგში არ უნდა იყვნენო?-გაოცებით ჰკითხეს ჩვენებმა ქუთაისში მყოფ კოლეგას... ახლა ის გაოცდა და...


გუშინდელ საღამომდე, ევროპელი კოლეგების ამა თუ იმ ჯგუფის ანტიოცნებისტურ განცხადებებზე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის უცნობი იყო. დიდი ალბათობით, ასეთი პოზიცია არც დაფიქსირებულა, რაც ერთობ სამწუხაროა. რამეთუ ასეთ სიტუაციებში დაგვიანება, ზოზინი, დუმილი უფრო სირაქლემას ახასიათებს და არა პროფესიონალ პოლიტიკოსებს.


ერთი სიტყვით, სტრასბურგში რა მოხდა ან რაც ხდება, ამას სააგენტოები, სხვა მედიასტრუქტურები გაარკვევენ. პირადად ჩემთვის გაურკვეველია სხვა რამ: ძალიან მიამიტი ან პროფესიონალიზმთან მწყრალად უნდა იყო პოლიტიკოსი, რომ ვერ განსაზღვრო სტრასბურგის „მოედანზე" მოსალოდნელი ბატალიები და მისი თემები, მიმართულებები, ინტერესები და პერსონები. ისიც, როგორ გამოიყენებს ამა თუ იმ ფაქტს, ინციდენტს, მოვლენას შენი „დაუძინებელი" მეგობარი - „ნაცმოძრაობის" დეპუტაცია. ჰოდა, თქვე დალოცვილებო, თუ ეს არ გესმით, ცუდია და თუ გესმით და მაინც „ლოდინის რეჟიმში" ხართ, სწორედ მაგას ჰქვია არაპროფესიონალიზმი, ან - საქმის არცოდნა, ან - ზერელობა, ან - პრიმიტივიზმი, ან - სიბეცე... (თავად აირჩიეთ ან დაამატეთ რომელიმე შეფასება).


ამ გაგანია დიპლომატური თუ წინასაარჩევნო ომის დროს „მძიმე არტილერია" (საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელები - ჯაფარიძე, კვაჭანტირაძე, თუნდაც, ასეთ ბატალიებში ერთობ გათვითცნობიერებული მაღრაძე, რომლის „უზადო"ინგლისური მის იქაურ კოლეგებს ესმით ზუსტად ისე, როგორც საჭიროა) ქუთაისში რომ გყავთ „დატყვევებული" და სტრასბურგში საომრად ქალების „მსუბუქ კავალერიას" უშვებთ, რომელმა კუტუზოვმა ან ნაპოლეონმა გასწავლათ ეს „საომარი ტაქტიკა"?


ჩემი უღრმესი, გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად ქალბატონ მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიასადმი, რომელი დიპლომატური (!) ბრძოლა აქვთ მოგებული შიდა (!) ფრონტზე ამ ცნობილ იურისტებს და ადვოკატებს, გარეთ (!) და მარტო (!) რომ უშვებთ საომრად?


სად ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმირებულობა ან, როგორც უმრავლესობის ლიდერის უფლებამოსილება და სად მათი (თუ სხვისი)?


სად თედო ჯაფარიძის დიპლომატიური წონა, კავშირები, ურთიერთობები, გამოცდილება და სად მათი? სხვათაშორის, რად უნდა სჭირდებოდეს პარლამენტის ხელმძღვანელობას იმის შეხსენება, რომ ეს ის ჯაფარიძეა, რომელიც გახლავთ ამ ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ალბათ, მისი ბიუროს წევრიც და, როგორ დავიჯერო, ამ რეგალიების და შესაბამისი ინფორმაციის მატარებელი კაცი არ არის ამ დროს იქ საჭირო?


ერთი სიტყვით, ნამეტანი ჭკუის კოლოფია ის პერსონა ან ჯგუფი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს.


ეჰ, მართლა „არა შეჯდა მწყერი ხესა!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner