„ოქრუაშვილმა რაც არ უნდა თქვას, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა და პასუხისმგებლობაც მოუწევს,“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
„ბუტას მკვლელობის დროს ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და როგორც არ უნდა ეცადოს, სასჯელისაგან თავს ვერ დაიძვრენს. ჩემთვის დიდი ხნის წინათ გახდა ცნობილი, რომ ოქრუაშვილმა სააკაშვილთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უდანაშაულო 19 წლის ბუტა ბანდიტად გამოეცხადებინათ და მოკლული ბავშვისათვის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაედოთ, რათა ახალშექმნილი საპატრულო პოლიციის იმიჯი გადაერჩინათ.
ოქრუაშვილმა რაც არ უნდა თქვას, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა და პასუხისმგებლობაც მოუწევს. ის კი არა, მან ერთხელ დახვრეტილი ბავშვი მეორედაც მომიკლა, როცა საკუთარი ქვეშევრდომებს ბუტა „ბანდიტური დაჯგუფების წევრად“ გამოაცხადებინა.
როცა ოქრუაშვილი სააკაშვილს დაუპირისპირდა და ამის გამო დააპატიმრეს და ვიდეოკამერის წინ „აღიარებითი ჩვენება“ მიაცემინეს, მის მიმართ ადამიანური თანაგრძნობა გამიჩნდა. მზად ვიყავი, მეპატიებინა კიდეც, თუ გამოვიდოდა და საჯაროდ აღიარებდა, რომ ჩემს შვილს იარაღი ჩაუდეს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.