მიმიწვიეს იქ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. რატომ არ უნდა მივსულიყავი, გამაგებინეთ? კითხვას ვუბრუნებ იმ ადამიანებს - რატომ არ უნდა მივსულიყავი? რა გავაფუჭე მე ჩემი იქ მისვლით? - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ „ღია ეთერის“ წამყვანების კითხვას იმის შესახებ თუ რატომ მივიდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენაზე. მისი თქმით, ის გარკვეული პერიოდი პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა და პოსტის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ ხელისუფლების დროს ჯანმრთელობა გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი. ეს იყო ჩემთვის ყოველთვის ოცნება, რომ მთავრობას გაეთვისებინა ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მოსახლეობის განათლება ეს არის ორი მთავარი ბოძი, რომლებზეც უნდა აშენდეს ქვეყნის მომავალი. თუ ჩვენ გვეყოლება განათლებული საზოგადოება და ჯანმრთელი საზოგადოება, მაშინ ცოდნასა და მეცნიერებაზე დამყარებული ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება“, - განმარტა გამყრელიძემ.