ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ მხარი პარტიის მიერ გაკეთებული საქმეების გამო უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. მან ოპონენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შევარდნაძის ეპოქა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქა იყო, რადგან ამ პარტიის ბევრი წარმომადგენელი სწორედ შევარდნაძის გუნდში მუშაობდა. სუბარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლა მხოლოდ გაყალბების დახმარებით შეძლო.
„ყველა არჩევნებს ვიგებთ დამაჯერებლად და ყოველგვარი ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ხალხი გვენდობა. იმიტომ რომ ხალხი ხედავს განსხვავებას და იმიტომ რომ ხალხს სჯერა ჩვენი გაკეთებული საქმეების“, - განაცხდა სუბარმა.
მისი თქმით, მთავრობის წარმატებებს შორის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეული პროგრესია. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დანაშაულის აღმოფხვრის სფეროში, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის სტატისტიკასთან შედარება ადასტურებს.