„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა განმარტა, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს 2019 წლის ბიუჯეტის და არსებული კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მომზადდეს რეკომენდაციები, რათა მომდევნო წლების ბიუჯეტში შესაძლებელი გახდეს მათი მაქსიმალურად ასახვა.
„კომიტეტში არის დაწყებული უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ დასასრულს ვუახლოვდებით. ეს არის „მწვანე ბიუჯეტის პროექტი“, რომელიც გულისხმობს, არსებული და მიმდინარე ბიუჯეტის ანალიზით, ასევე მიღებული კანონმდებლობის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მომდევნო წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოყოფას. იმდენად მასშტაბური დოკუმენტი გამოვიდა, რომ შეიძლება ითქვას 2021-24 წლების ბიუჯეტების განხილვისას, კომიტეტს ექნება ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაზეც მან აქცენტი უნდა გააკეთოს. ეს დოკუმენტი ნამდვილად იქნება რეალური სახელმძღვანელო კომიტეტისთვის ყოველი ბიუჯეტის განხილვისას რათა დამტკიცებისას ადვოკატირება გაუწიოს მწვანე მიმართულებებს გარემოსდაცვით, ეკოლოგიის, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და მიღებული კანონმდებლობის საკითხებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს იყო ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა სამუშაო ჯგუფში, ამის შემდეგ ჯგუფი სამინისტროებთან ერთად განიხილავს რეკომენდაციებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავებული იქნას ისეთი რეკომენდაციები, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც რეალისტური იქნება.
„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტს კომიტეტი დაამტკიცებს, რის შემდგომაც დოკუმენტი ბიუროს წარედგინება.
„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების შემადგენლობით მარტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და ორგანიზაცია „სენის“ მხარდაჭერით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.