logo_geo
eng_logo
ია ლომთაძე: ერთი კოჭლი ფოსტალიონი დადიოდა ჩემს სოფელში, პაპაჩემის სიყრმის მეგობარი - მისი გამოჩენა ჩემი სახარული იყო...
- +

24 ივლისი. 2020. 01:14

 

 

შორენა პაპაშვილი ქართველი ემიგრანტის ია ლომთაძის მოგონებას აზიარებს.

 

სახელიც კი არ მახსოვს,  ერთი კოჭლი ფოსტალიონი დადიოდა ჩემს სოფელში, ჯმუხი, ღიპიანი კაცი, პაპაჩემის სიყრმის მეგობარი.

მისი  გამოჩენა ჩემი სიხარული იყო, რადგან ხელცარიელი არასოდეს მოსულა. ხან ქლიავი, ხან მსხალი, ხან ნაადრევი ვაშლი ედო ტყავის უძირო, გაცვეთილ ჩანთაში.

 

საღამოობით მოჰქონდა გაზეთები, სწორედ იმ დროს, პაპა კოლექტივიდან რომ ბრუნდებოდა.

გამოვიდოდა დაღლილი, გაოფლილმაისურიანი  პაპაჩემი და ისე მოიკითხავდნენ ერთმანეთს, თითქოს გუშინაც აქ არ იდგა  ეს კაცი, თეთრი თუთის ძირში.

მერე მე მომიტრიალდებოდა და ყურში ჩამჩურჩულებდა: პაპაშენს თავზე  ....?

ხოხ!

ჩემთვის არ უნდა ეთქვა ეს!

რომ მოვირღვევოდი და დავიწყებდი ფოსტალიონო-ბროსტალიონოს, რომ გავიგიჟებდი თავს...

-კარგი, პაპას შევეშვათ,

აიმ ქორს შეაგინებ?- მკითხავდა.

- აბა, რომელსა-მეთქი?

- აგე, იმ ლურჯსაო (სადღა ხედავდა?!)

იმ გახურებულზე ფოსტალიონიდან ქორზე ადვილად გადავერთვებოდი ხოლმე  და გადმოდიოდა ისეთი კახური მამა-პაპური, რომ პაპაჩემი და ბროსტალიონი ერთმანეთს ეყუდებოდნენ.

ეს ყველაფერი შეწყდა მაშინ, დედაჩემი რომ შეესწრო ჩვენს კონცერტს.

თბილისელი მასწავლებლის განაზებულ სმენას ისეთი ბნედა დაეცა, რომ მეორე დღესვე ქალაქში ამოვყავი თავი და ჩაილურის მაგიერ წაღვერი მომესაჯა იმ დღიდან.

 

ეხლანდელი გადასახედიდან დიდი ვერაფერი საქციელი იყო მისგან ჩემი ასე გაქეზება (კახური გინების მაგისტრის დონეზე ამიყვანა), მაგრამ მაინც ნათელ მოგონებად დამრჩა, მუშტაშვერილი რომ ვაგინებდი ცაში მობოინე ქორს.

სიკეთეს აფრქვევდა.

ვუყვარდი, ვიცი.

განა ბევრზე ვიტყვით, ვუყვარდიო?!

გინება დღემდე არ ვიცი და იმ მდედრთა რიგს ვეკუთვნი, რომელიც გამწარებულზე უფრო ჩამოგწყევლის, ვიდრე შეგაგინებს.

ასე რომ, ჩემს ცოდვაში ბროსტალიონს ფეხი არ ჩაუდგამს.

(ან დედაჩემის ქამრის მადლმა ამოფხიკა ძარღვიანი კახური)

პაპა რომ მოკვდა, ისე ტიროდა ბროსტალიონი, სულ ქვითინებდა კაცურად.

რომ დამინახა, მოვიდა, გადამეხვია, თავზე მაკოცა, დაშაშრული ხელით გადამისწორა თმა.

არადა, მე უკვე სამი შვილის დედა ვიყავი, მაგრამ მისთვის ისევ ის ხუთი წლის მუხლებგადატყავებული ბავშვი ვიდექი, ქორებს რომ აგინებდა ცაში, - წერს ქართველი ემიგრანტი, ია ლომთაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner