ავტორი მარიამ გელაშვილი
როგორც ჩანს, ცხელი ზაფხული ყველაზე და ყველაფერზე ერთნაირად მოქმედებს. დუღილის ტემპერატურას წინასაარჩევნო ბატალიებიც გაზრდის. როგორც ჩანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაცხება. წინაა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევნები, რექტორის არჩევნები და მუდამ თანმდევი ინტრიგა. ინტრიგა, იცოცხლეთ, იმდენია, რომ მისით „მიუკერძოებელი მედია“ უკვე დაინტერესდა.
ეკონომიკის ფაკულტეტს საყველიესავით ხმაური არასოდეს აკლდა. ამ ცხელ ზაფხულსაც მორიგი სანახაობის მოწმე თუ არ გავხდით, რამდენიმე ახალ საჩივარზე მაინც გავიგებთ ამბავს.
როგორც „რეპორტიორის“ წყარო გვეუბნება, პროფესურის არჩევნებში თავის „ქურდულ“ სიტყვას „მიუკერძოებელი მედიაც“ იტყვის.
- ეკონომიკის ფაკულტეტზე ასეთ ხმაურს ისე მივეჩვიეთ, იავნანასავით გვესმის. ბოლო ათწლეულია ხუბუას რექტორობიდან დაწყებული ამ ფაკულტეტს მომჩივანი და მოდავე არ მოკლებია. ციმერმანის კონკურსი დღესაც ბევრს მწარედ ახსენდება. ახლანდელი დრო რა შესადარებელია, რაც მაშინ ხდებოდა. მომჩივანიც იმდენი აღარაა, მაგრამ ამ პროფესორის სკამსაც ბევრი ვერ თმობს. ჰოდა, ამ კონკურსების საქმეში ზოგიერთი ჟურნალისტის ჩართვა 90-იან წლებს და ქურდულ გარჩევებს მაგონებს. ადრე ქურდები არჩევდნენ საქმეებს, ახლა - ჟურნალისტები.
- რას გულისხმობ გარჩევებში? ჟურნალისტი როგორ უნდა ჩაერიოს კონკურსში?
- ო, ეგ მართლა ძალიან საინტერესო ამბავია. საქართველოა და ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი ან ნათელ-მირონია. ჩვენს ფაკულტეტს ნინო ზურიაშვილი აკონტროლებს. თითქმის ყველა კონკურსზე გაიგებ მუქარას „ზურიაშვილი მოვა და ნახავთ“.
- და რას აკეთებს ეს ზურიაშვილი, ვისი ზურგია?
- გახსოვს ალბათ ხმაური და სამკაციანი აქცია მაღლივის კიბეებზე - დეკანს რომ არ უშვებდნენ შენობაში. ეს „სასტავი“ პირდაპირ არის მიბმული ამ ჟურნალისტთან. ერთ-ერთი მომჩივანი და ფაკულტეტს დატაკებული პროფესორი ეკა ჩოხელი ზურიაშვილის ახლობელია. ერთი რაიონიდან არიან და წლებია მეგობრობენ. მგონი, ჩოხელის ქმრის მხრიდანაც რაღაც ნათესავია. დანარჩენები კი ამათთან „ჩასასტავდა“ და ერთად რაღაცებს ხლართავენ. ამტკიცებენ, რომ კონკურსებზე სპეციალურად არ გაუშვეს და მიდის ინტრიგების ხლართვა. არადა, მაგათი პროფესორობა არ გაიშვა. თავის დროზე ყველას ერთმანეთისგან აქვს დისერტაციები გადაწერილი. ფაკულტეტზე ყველამ იცის, რას წარმოადგენენ. ისე, ძალიან საინტერესო სიტუაციაა ფაკულტეტზე - ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატები ყველას ჯიბეში უდევს, თვით ამ „სასტავსაც“. ამ კომპრომატების ნაწილი ზურიაშვილთან ერთად გადაღეჭილია და დროდადრო თავის შოუებს დგამენ. დაჩაგრულებად და დევნილებად გვაჩვენებენ თავს. ზოგმა ომბუდსმენსაც მიმართა - დამიცავიო. ზურიაშვილი თურმე სხვა ფაკულტეტსაც ატერორებდა. მისი დეიდაშვილი კონკურსში რომ ვერ გავიდა, კომისიას ემუქრებოდა - „მოვა ზურიაშვილი და ნახავთო“. ეს ჟურნალისტი ამ კომისიას დღეგამოშვებით აწიოკებდა. ჰოდა, აბა ქურდული გარჩევა სხვა რაღაა.
- ასეა ჩართული ზურიაშვილი? ეს „სასტავი“ იაგო კაჭკაჭიშვილთანაც ხომ არ მეგობრობს?
- იმ ამბავზე მეკითხები, ხომ? როგორც ვიცი, იაგოს და ზურიაშვილს საერთო ახლობლები ჰყავთ. ის გამოძიებაც მთლიანად იაგოს მოყოლილზე იყო აგებული. ამით რისი მიღწევა უნდოდა იაგოს ან მის ახლობელს, არ ვიცი, მანდ კიდევ სხვების ინტერესებია. ისეთი სახელები და გვარებია, ეგ ცალკე მოსაყოლია. მაგრამ როგორც გავიგე, უნივერსიტეტში იაგოს პოზიციას კრიტიკოსები საკმაოდ ბევრი გამოუჩნდა. ყველაფერთან ერთად, ზურიაშვილი ტერმინებშიც აირია. მაგრამ რასაც ეკონომიკის ფაკულტეტზე და აქედან წასულ პროფესორებზე ამბობენ, რაღა გაგვიკვირდება. ისეთი ჩახლართული ამბებია, შეიძლება ისეთი ამბები გასკდეს, თმა ყალყზე დაგიდგება.
ჩვენ ვეცადეთ, უნივერსიტეტში გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ოფიციალური ტონით ორიოდე წინადადებით გვიპასუხა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 1400-ზე მეტ აკადემიურ თანამდებობაზე იყო კონკურსი გამოცხადებული და მხოლოდ 16 კონკურსანტმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, და მეტი კომენტარი არ ისურვა, აბსურდულ თემებზე და ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთო.