იური დმიტრიევის საქმე
22 ივლისს, სტალინური რეპრესიების მკვლევარს, ისტორიკოსს იური დმიტრიევს კარელიის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა-მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 3,5 წლის ვადით მსჯავრის მოხდა. მოსამართლემ მის მიმართ რფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი გამოიყენა, რომლითაც „განსაკუთრებული გარემოებებიდან“ გამომდინარე „დაბალზე დაბალი“ პატიმრობის მისჯა შეიძლებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვინ არის იური დმიტრიევი, რა საქმიანობას ეწევა და რამდენად აბსურდული იყო მისი დევნა, ეს გასაკვირიც აღარ არის. მისი საქმის დეტალებს თუ გავეცნობით, მივხვდებით, რომ ეს „განსაკუთრებული გარემოება“ დმიტრიევის სრულ უდანაშაულობას ნიშნავს, ხოლო ასეთი განაჩენი გამართლების ტოლფასია. არადა, 64 წლის ისტორიკოსს ნაშვილები ქალიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებში ედებოდა ბრალი. პროკურატურა მისთვის 15-წლიან სასჯელს ითხოვდა. მაგრამ, ფაქტია - მოსამართლე უდიდეს კომპრომისზე წავიდა. ისტორიკოსს ბოლომდე მოუხსნეს ბრალდებები, რომლებიც პირველი პროცესიდან იყო გადმოსული: პორნოგრაფიული მასალის დამზადება არასრუწლოვანი ქალიშვილის მონაწილეობით, გარყვნილი ქმედებები მის მიმართ და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა. ამავე დროს, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ის სექსუალური ხასიათის ქმედებებში ქალიშვილის მიმართ. ეს მუხლი გამოძიებამ მას მერე დაამატა, რაც 2018 წლის გაზაფხულზე სასამართლომ დმიტრიევი „პორნოგრაფიულ“ ბრალდებებში გაამართლა.
„ქვედა ზღვარი ამ დანაშაულისთვის 12 წელია. ამიტომ, ჩავთვალოთ, რომ სასწაული მოხდა“, - ამბობს სასამართლოს ეზოში, გულშემატკივრებით გარშემორტყმული ადვოკატი ვიქტორ ანუფრიევი. იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიკოსი საპატიმროში უკვე დიდი ხანია იმყოფება, მისი განთავისუფლება ფაქტობრივად სულ რამდენიმე თვეში - ნოემბერში მოხდება. თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები შეძლებენ იმის თქმას, რომ ოფიციალურად დმიტრიევი პედოფილია.
რუსული პროკურატურა მას ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ დანაშაულს აბრალებდა. ადამიანს, რომელსაც ქალიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედებების ჩადენაში ამხელდნენ, ამ ამაზრზენი ბრალდებების მიუხედავად, უკვე უწოდეს „რუსეთის ნამუსი“. მის დასაცავად, აგერ უკვე მესამე წელია ხმას იმაღლებდნენ როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთაც. დმიტრიევს მხარს უჭერენ სამოქალაქო აქტივისტები, ისტორიკოსები, მწერლები, მომღერლები, ინტელიგენცია, სტუდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები და უამრავი სხვა. ამ 3 წლის განმავლობაში რუსეთში ასობით აქცია და პიკეტი ერთადერთი მოთხოვნით გაიმართა - შეწყდეს იური დმიტრიევის დევნა. ეს დევნა და ისტორია კი რუსეთის ხელისუფლების ძალადობრივ სახეს იმდენად ნათლად აჩვენებს, რომ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნა, რომელმაც ისტორიკოსის პედოფილია დაიჯერა. დმიტრიევს არასოდეს უსწავლია ისტორიული ან არქეოლოგიური განხრით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ თვითნასწავლი ისტორიკოსის გავლენა ტერორით სავსე უახლოესი წარსულის კვლევაში, განუზომელია.
რას აბრალებდნენ იური დმიტრიევს და რა დეტალები გახდა ცნობილი რეზონანსული საქმიდან
დმიტრიევი 2016 წელს დააკავეს. თავდაპირველად მას ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებაში სდებდნენ ბრალს. მალევე გაჩნდა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის შესახებ. დმიტრიევის სახლში ძველებური იარაღის ჟანგიანი ნაწილი აღმოაჩინეს რომელიც ისტორიკოსმა გათხრების დროს იპოვა და შეინახა.
პირველი ბრალდების საფუძველი მისი სახლის კომპიუტერში აღმოჩენილი 140 ფოტოსურათიდან 9 ფოტო იყო, რომლებზეც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი შიშველ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. ფოტოსურათები ინახებოდა კომპიუტერის საქაღალდეში სახელწოდებით „ჯანმრთელობის დღიური“. ბრალდებულის თქმით, ეს ფოტოები მას საშუალებას აძლევდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკონტროლებინა კვირების, თვეების მიხედვით. ბავშვს რამდენიმე სახის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, არ ვითარდებოდა და არ იზრდებოდა. ასევე დმიტრიევის ახსნით, მას ამით საჭიროების შემთხვევაში შეეძლო დაემტკიცებინა, რომ დისტროფიით დაავადებულ გოგონას არ სცემენ, კვებავენ და კარგად ეპყრობიან. დმიტრიევმა გოგონა 3 წლის ასაკში იშვილა, მაშინ, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალო იყო. ასაკოვანმა ისტორიკოსმა და მისმა ცოლმა მხოლოდ უამრავი ბიუროკრატიული გარემოების გადალახვის შემდეგ შეძლეს მისი შვილად აყვანა. აღსანიშნავია, რომ თავად დმიტრიევიც ნაშვილებია და მისი თქმით, სურდა, იგივე სიკეთე გაეკეთებინა არაბიოლოგიური შვილისთვის, რაც მისმა მიმღებმა მშობლებმა მას გაუკეთეს. „ჯანმრთელობის დღიურში“ არსებულ ფოტოებს დმიტრიევი არ აქვეყნებდა და არ ავრცელებდა. პირველ სასამართლო პროცესზე, დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ამ ფოტოებს პორნოგრაფიას ვერ უწოდებ და გამოძიების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას „იუმორისტული დოკუმენტი“ უწოდა. საქმე ჩამოიშალა - 2018 წლის 5 აპრილს სასამართლომ ის გაამართლა. თუმცა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის 2,5 წლით პატიმრობა ძალაში დარჩა. 2018 წლის ივნისში კი, დმიტრიევს პროკურატურამ ისევ უჩივლა - ოღონდ ამჯერად არა პორნოგრაფიის დამზადების, არამედ ქალიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენისთვის. იმ დროისთვის გოგონა უკვე ბიოლოგიურ ბებიასთან იმყოფებოდა და გამოძიებას მასთან ახლო კომუნიკაციის მარტივი შესაძლებლობა გააჩნდა.
ამ შემთხვევაში დმიტრიევი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის 8 წლის გოგონას სასქესო ორგანოებს რამდენიმეჯერ შეეხო. დმიტრიევის განცხადებით, მან მართლაც შეამოწმა რამდენიმეჯერ ბავშვის საცვლები, რადგან გოგონას ენურეზი ჰქონდა და ეს საავადმყოფოსგან მიღებული ამონაწერითაც დგინდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ „შეხების“ შემდეგ, დმიტრიევმა ბავშვს სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარა. ამავე დროს, რუსული ენის ინსტიტუტმა, გამოძიების მიერ დაკითხული მისი ქალიშვილის დაკითხვის ოქმების გაშიფვრით დაადგინა, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად გოგონაზე გამომძიებლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ხოლო, კომისიური ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს და შემდგომაც ბავშვს ფსიქოტრავმა მიღებული არა აქვს. დროის ის მონაკვეთი, რომელზეც გოგონა მიუთითებს, ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მას შარდის შეუკავებლობა ჰქონდა. ბოლო წლების განმავლობაში ისტორიკოსმა რამდენიმეჯერ გაიარა კომისიური კვლევა სექსუალური ქცევის დევიაციებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე, უარყოფითი შედეგი დგებოდა - მას სექსუალური ხასიათის დარღვევები არ დაუდასტურდა.
2020 წლის მაისში, პეტროზავოდსკის საგამოძიებო იზოლატორში, სადაც დმიტრიევი ჰყავდათ მოთავსებული, კორონავირუსის ინფექცია დადასტურდა. უამრავმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანმა მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რომ პანდემიის პერიოდში მაინც ასაკოვანი ადამიანი შინაპატიმრობაში გაეშვათ. ეს თხოვნა უპასუხო დარჩა.
რას უკავშირებენ „რუსეთის ნამუსის“ დევნას
დმიტრიევის დევნას კარელიაში მდებარე სანდარმოხის მემორიალის ისტორიის გადაწერის, გაყალბების მცდელობას, რეპუტაციის შელახვას და „კაგებე“-ს წარსულით მოამაყე რუსული სპეცსამსახურების შურისძიებას უკავშირებენ. მიზეზი - დმიტრიევის მიერ გაწეული სამუშაო და მისი სამომავლო მოღვაწეობისთვის ხელის შეშლა.
იური დმიტრიევმა კარელიაში მდებარე სანდარმოხის სამარხები 1997 წელს აღმოაჩინა. ეს იყო უსახელო, უდაბური ადგილი დათვის მთასთან. ის, რომ იქ შესაძლოა 1937-38 წლების დროინდელი დიდი ტერორის სამარხები ყოფილიყო, ამაზე იმ „ჩეკისტების“ ჩვენებები მიუთითებდა, რომლებიც ეტაპირებებში და დახვრეტაში მონაწილეობდნენ და რომლებიც თავად მოხვდნენ რეპრესიების მანქანის ბორბლებქვეშ. ძიების შემდეგ გაირკვა, რომ მასშტაბურ საძმო სამარხებში 10 ათასამდე ადამიანის ნეშტი განისვენებს. მოგვიანებით დმიტრიევმა აღნიშნა - ადამიანები მიწაში უპატრონო ცხოველებივით იყვნენ ჩაწყობილები. უაღრესად რელიგიურმა დმიტრიევმა გადაწყვიტა, სათითაოდ ყველა ნეშტის იდენტიფიკაცია მოეხდინა, რათა შთამომავლებს მათთვის პატივის მიგება შეძლებოდათ. იმავე წელს, რუსეთის პროკურატურამ ოფიციალურად აღიარა, რომ სანდარმოხში რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტებია. მოგვიანებით, მან და მისმა თანამებრძოლებმა საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ ტყეში დამარხულები ათასები - მართლმადიდებლები და მუსულმანები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, ფინელები, ქართველები და ბევრი სხვა ეროვნების პატიმრები იყვნენ. 1999 წელს ამ თვითნასწავლი ისტორიკოსის მიერ სანდარმოხის შესახებ დაწერილი პირველი წიგნი გამოვიდა - „დახვრეტის ადგილი - სანდარმოხი“. მეორე წიგნი - „მეხსიერების ადგილი - სანდარმოხი“ 2019 წელს გამოიცა. დმიტრიევი უდანაშაულოდ რეპრესირებულების ისტორიების შესახებ ამ ტექსტებს უკვე ციხეში არედაქტირებდა. „ჩემი გზა, ჩემი ბედი იმაში მდგომარეობს, რომ დავიწყებიდან გამოვაცოცხლო ადამიანები, რომლებიც ჩვენი მშობლიური სახელმწიფოს ბრალეულობით გაქრნენ, რომლებიც უსამართლოდ დაადანაშაულეს, დახვრიტეს და დამარხეს ტყეებში, როგორც მიუსაფარი ცხოველები. არ იყო არც რაიმე ნიშანი, მიწის რაიმე შემაღლება, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ იქ ადამიანები დამარხეს“, - თქვა დმიტრიევმა სასამართლოზე წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში.
2000 წლიდან სანდარმოხი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი გახდა. წლების განმავლობაში იქ ჩადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ელჩები, სახელმწიფო დელეგაციები, ოჯახები, რომლებიც ლოცულობდნენ, პატივს მიაგებდნენ დახვრეტილ თანამემამულეებს, ახლობლებს, რომელთა კვალი ამდენი ათწლეული დაკარგული იყო. სანდარმოხში უამრავი პატარა მემორიალი, საფლავის ქვა გაჩნდა დაღუპულების ვინაობის აღწერებით. დმიტრიევმა ყველაფერი გააკეთა, რომ 10 ათასამდე ადამიანი „უპატრონო ცხოველებივით“ იმ მიწაში დაფლულები არ დარჩენილიყვნენ. სანდარმოხში სასტიკად, ხელ-ფეხშეკრული და შემდეგ დახვრეტილი ქართველების ნეშტებიც განისვენებს და ალბათ მათი ისტორიების გაცოცხლებას და გახსენებას ცალკე სტატიის გამოქვეყნება დასჭირდება.
თუმცა, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ბოლო წლებში, სიმართლე ძვლებით გავსებული ორასზე მეტი თხრილის შესახებ ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა. გაჩნდა თეორიები, რომ იქ სინამდვილეში ფინელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილი წითელარმიელები არიან დამარხულები. ამ ნარატივმა რუსული მედიასივრცე მალევე წალეკა. უკვე 2016 წელს, როდესაც დმიტრიევი დააპატიმრეს, ორმა ადგილობრივმა ისტორიკოსმა ახალი იდეის განვითარება დაიწყო. თითქოს და სანდარმოხში შესაძლებელია დამარხული იყოს 19 ათასამდე საბჭოთა ტყვე, რომლებიც ფინურ საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავდათ და შესაბამისად, სანდარმოხი არა სტალინის რეპრესიების ნიმუში, არამედ ფინელების მასობრივი მკვლელობების დამადასტურებელი ადგილია. 2019 წელს რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოებამ, რომელსაც კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს და რომელიც ვლადიმერ პუტინის პირდაპირი ბრძანებით დაფუძნდა, სანდარმოხში გათხრები თავად ჩაატარა. ამოღებული იყო რამდენიმე თავის ქალა, რომელსაც ტყვიის მოხვედრის კვალი აღენიშნებოდა. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ამ თავის ქალებს ფინელების მიერ ნასროლი უცხოური ფირმის ტყვიების კვალი აღენიშნებათ. ახლა კი, დმიტრიევის საქმის საბოლოო განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულმა ფედერალურმა არხებმა ზარ-ზეიმით ამცნეს საზოგადოებას, რომ ისტორიკოსებმა წერტილი დაუსვეს სანდარმოხის წარმომავლობის გარკვევას - მედინსკის საზოგადოებამ დაადგინა, რომ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლებთან ერთად, ტყვე წითელარმიელებიც განისვენებენ, რომლებიც ფინელებმა დახვრიტეს. ანუ, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი წარმოუდგენელი დანაშაული ისეთი დანაშაული აღარ არის...
„კარელიელი ისტორიკოსის სისხლისსამართლებრივი საქმე ერთხელაც სახელმძღვანელოებში შევა როგორც შეკვეთილი პროცესის ნიმუში, რომელიც წინასწარ ცნობილი ყალიბით იყო შეთითხნილი. სიმართლე ზედაპირზე დევს: დმიტრიევის დევნა, მის ოჯახში შეჭრა და მამა-შვილის ცხოვრების დანგრევა პირდაპირ არის დაკავშირებული იური ალექსეევიჩის მიერ გაჩაღებულ იმ ბრძოლასთან, რომელიც სტალინური ბანაკების უდანაშაულო მსხვერპლებს ეძღვნება“, - სამართალდამცველი სტრუქტურების მიმართ შედგენილ ამ მიმართვას, რომელიც „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, ორასზე მეტმა წამყვანმა რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა, ისტორიკოსმა და კულტურის სფეროს წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.
გუშინ, განაჩენს სოციალურ ქსელში ბორის აკუნინი-ჩხარტიშვილი გამოეხმაურა. მომხდარს აბსოლუტურად სწორი განსაზღვრება მისცა: „აი, რა არის ყველაზე ამაზრზენი ამ რეჟიმში, სულ ცდილობს, ტალახში გასვაროს ისინი, ვინც არ მოსწონს. ერთი სიტყვით -პორნოკრატიაა“ .
მან ისტორიკოსის ბოლო სიტყვიდან ამონარიდიც გამოიყენა და სწორედ ამით შეიძლება ამ თხრობის დასრულებაც, თუმცა დროებით - რადგან არავინ იცის, კიდევ რა ელის იური დმიტრიევს: „თქვენო ღირსებავ, მიმაჩნია, რომ ეს საქმე, რომელსაც აგერ უკვე ძალიან დიდი ხანია განვიხილავთ და განვსჯით, სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ ჩემს პატიოსან სახელს ჩირქი მოსცხონ, რაც ამავე დროს გასვრის სტალინის რეპრესიების იმ მსხვერპლთა საფლავებს, რომელთა აღმოჩენაც მე შევძელი და რომლებთანაც ახლა ამდენი ადამიანი იკრიბება“.
ახლა, დმიტრიევი კვლავ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, თუმცა, როგორც იგივე ბორის აკუნინი ამბობს - „სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ თუ იური დმიტრიევს „დახურავენ“, თემაც დაიხურება“. პირიქით. პირიქით. სანდარმოხი და მისნაირი ადგილები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების კვალს ინახავს, არსად გაქრება...
დემნა არაბიძე