ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს სირიის მხრიდან ისრაელის მიმართულებით საბრძოლო მასალები გამოუშვეს. რამდენიმე წუთის წინ ისრაელის არმიის ვერტმფრენებმა საპასუხო იერიში მიიტანეს სამხრეთ სირიაში განლაგებულ სირიის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამიზნეებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებენ.
„ისრაელის თავდაცვითი ძალები განაგრძობენ მტკიცედ მოქმედებას და პასუხს გასცემენ ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას“, - აღნიშნეს უწყებაში.